გიორგი ვაშაძე - ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა და გულშემატკივრობდა ვაჟა გაფრინდაშვილს
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საზოგადოებას და პირადად, ვაჟა გაფრინდაშვილს ულოცავს გათავისუფლებას.
„ვულოცავ პირადად ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს. ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა და გულშემატკივრობდა ამ ადამიანს და უნდა გვესმოდეს, რომ მან მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება.
აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იგივე რამ არ მოხდეს, რომ ისევ იმ საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქე და ფიზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ის. მე აქ მეშინია ყველაზე მეტად, რადგან ჩაივლის ხოლმე რამდენიმე დღე და მერე ისევ ტრიალდება ასეთი პრობლემები. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები, რომ არ იყოს სისტემური ადამიანების გატაცება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.