გიორგი ვაშაძე - ვულოცავ საქართველოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ, ეს ყველაფერი სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა
ვულოცავ საქართველოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. ნამდვილად ისტორიული დღეა. დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირისკენ, ეს ყველაფერი სწორედ ქართველი ხალხის დამსახურებაა, რაც ევროპელი პარტნიორების მხრიდან მკაფიოდ იყო აღნიშნული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, გაიმარჯვა ევროპულმა და ეროვნულმა სულისკვეთებამ, საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.
„დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ, ვინც, მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემისა, დააფასეს ქართველი ხალხის ნება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდა, მაგრამ დღეს მათ წააგეს ქართველ ხალხთან. გაიმარჯვა ჩვენმა ევროპულმა და ეროვნულმა სულისკვეთებამ, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. რეფორმა ძალიან ბევრია გასაკეთებელი და დღეს განცხადების დროს ხაზგასმული იყო ოპოზიციის პოზიტიური როლი, სამოქალაქო სექტორის როლი, უპირველესად კი, ქართველი ხალხის როლი. ჩვენ ახლა გვჭირდება დიდი ერთიანობა, რათა შემდგომი, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში, როცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 27-მა სახელმწიფომ, იყოს კონსენსუსი და მზაობა. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ საბოტაჟის, წინააღმდეგობის პროცესს ვერ შეძლებს და ხალხის ნებას დაემორჩილება, ანგარიშს გაუწევს იმ დიდ ნაბიჯს, რომელიც ევროკავშირმა გადმოდგა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ევროკომისია რეკომენდაციით მიმართავს ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს.