გიორგი ვაშაძე - ვიმედოვნებ, რომ დიპლომატებთან შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით
გიორგი ვაშაძე - ვიმედოვნებ, რომ დიპლომატებთან შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისა და დიპლომატების შეხვედრის შემდგომი რაუნდი უახლოეს ხანში გაიმართება.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, შემდგომ შეხვედრაზე შესაძლოა, საუბარი იყოს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით.

„დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი გადაწყვეტილებით, დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმებზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს საკითხი დაიხურა. ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შემდგომი შეხვედრა, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ უკვე არჩევნების თარიღზე. ჩვენ, ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, რადგან ვთქვით ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს. ჩვენთვის, ოპოზიციისთვის მთავარი არის შევთანხმდეთ საპარლამენტო არჩევნების თარიღზე და ამაში ოპოზიცია იყო ერთიანი. შევთანხმდით, რომ იქნება მესამე რაუნდიც, არ დავხურეთ ეს შესაძლებლობა. ვნახოთ, დაველოდოთ რას მივიღებთ. იმედს ვიტოვებ, შემდეგი შეხვედრისთვის უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი საკითხი, რაც დარჩა განხილვის თვალსაზრისით, ეს არის შემდგომი არჩევნების საკითხი და მხოლოდ მასთან ერთად არის საარჩევნო რეფორმაც და სხვა საკითხებიც.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ გვინდა ამ ყველაფერს დავარქვათ გადადგმული ნაბიჯი, მაშინ აღარ ვიხილავთ რაღაცა სხვა ვარიანტებს, რომელსაც გვთავაზობდა „ქართული ოცნება“. შემდგომ შეხვედრაზე ვიხილავთ არჩევნების თარიღს. მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ვაშაძემ.