გიორგი ვაშაძე - ვიხილავთ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია, რასაც ჩვენი მონაწილეობა სჭირდება
გიორგი ვაშაძე - ვიხილავთ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია, რასაც ჩვენი მონაწილეობა სჭირდება

ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა და მხარდაჭერაც სჭირდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ამის გარეშე ვერ მოხდება ის ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც არის საუბარი. ეს არის სრულად პროპორციული სისტემა, ბარიერის დაწევის საკითხი და ეს არის ბევრი სხვა საკითხი.

სხვათა შორის, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ინიციატივით მართლმსაჯულების საკითხი დაემატა ამ საკითხებს. შეიძლება, გარკვეულ თემებზე საკონსტიტუციო ცვლილებებიც დაგვჭირდეს მართლმსაჯულებასთან მიმართებაში. მაგალითად, მე ძალიან მინდა, რომ მოსამართლეთა კორპუსის შერჩევის წესში ფუნდამენტური ცვლილებები შევიტანოთ, რათა მეტი დამოუკიდებლობა გვქონდეს მართლმსაჯულების ნაწილში. ასევე არის ანტიკორუფციული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე საუბარი, ძალაუფლების გადანაწილებაზე საპარლამენტო საქმიანობის დროს. ასე რომ, ბევრი საკითხი დაემატა. ეს საკითხები დაემატა ევროკავშირის მხრიდან, რადგან ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ თუ ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის მძლავრი მექანიზმები არ ჩაირთო, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანაში მუდმივად კრიზისი იქნება,“ – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ამბობს, პლებისციტზე, როგორც ვადამდელ არჩევნებზე მისასვლელ გზაზე, ოპოზიცია ჯერ კიდევ დეკემბერში შეთანხმდა და მისი პარტია ამ შეთანხმების ერთგული რჩება.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უკვე მომდევნო შეხვედრაზე ოპოზიციას „რაღაც ახალი უნდა უთხრას“. ვაშაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეუძლია, აირჩიოს ან პირდაპირი არჩევნები ან პლებისციტი.

„პლებისციტი იქნება თუ პირდაპირ რიგგარეშე არჩევნები, აირჩიონ ან ერთი ან მეორე ვარიანტი. მისცენ ეს ინფორმაცია ფასილიტატორებს თუ აწ უკვე მედიატორებს და გავიგებთ ამის შესახებ. 16 მარტის დედლაინი დაუწესეს სწორედ მათ – მთავრობას, რომ კონკრეტული პროგრესით ჩავიდნენ ბრიუსელში. თუ არ ჩავლენ, გაცილებით უფრო მკაცრი და ცუდი იქნება რეაქციები დასავლეთის მხრიდან. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ და მარტივ რაღაცას ვამბობთ, პოლიტიკური განსხვავებულობის გამო ხალხი ციხეში არ უნდა იჯდეს და მეორე მთავარი საკითხი არის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შეთანხმება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, ფიქრობს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ პოზიციას შეცვლის, რომელიც ბოლოს პლებისციტთან დაკავშირებით დააფიქსირა.

„აგერ თქვენ და აგერ მე, რომ მიხეილ სააკაშვილი შეცვლის თავის პოზიციას, არ ყოფილა ერთხელ და ორჯერ ეს საკითხი. მე ასე ვფიქრობ, რომ შემოვა პლებისციტით და თუ არა, ხვეწნას არავის დავუწყებ. ყველამ თავის პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისინი თავისას. ნაკლებად მაინტერესებს, ისინი რას გადაწყვეტენ. რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება, მე მზად ვარ, ამ შეთანხმებაზე წავიდე. ჩვენ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით, შეთანხმება პლებისციტზეც გავაკეთეთ. თუ მათ სიტყვა გადათქვეს, მათსავით არ ვაპირებ, გადავხტე იმ პოზიციაზე, რაც მათ უნდათ. ის, რაზეც შევთანხმდით, მე იმის ერთგული ვარ და პოზიციების ცვლილება და თამაში არ მახასიათებს,“- განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, რატომ შეცვალა პოზიცია მიხეილ სააკაშვილმა.

„არ მქონია მასთან კონტაქტი, რაც ჩვენი გზები გაიყო. ნაკლებად მაინტერესებს, რა აწყობს ან რა არ აწყობს. არ არის ეს ჩემი ამოცანა. ყველაზე ნაკლებად ამაზე ვფიქრობ“, – განაცხადა ვაშაძემ.