გიორგი ვაშაძე - ვეტო თუ არ იქნება, დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლის ერთადერთი მიზანი „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ძველი ნორმების დაბრუნება იქნება
გიორგი ვაშაძე - ვეტო თუ არ იქნება, დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლის ერთადერთი მიზანი „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ძველი ნორმების დაბრუნება იქნება

ყველამ ვიცით, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი, ამას ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან მკაცრად გამოეხმაურნენ და სწორედ ჩვენი ინიციატივით შევთავაზეთ პრეზიდენტს, ვეტო დაედო ამ საკითხზე. მე წამოვიღე სრული დასაბუთება, რატომ არის ანტიდემოკრატიული კანონი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სასჯელი, რომელიც გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ.”

„საერთაშორისო გამჭვირვალობის კარგი არგუმენტაციაც წამოვიღე, სადაც წერია, რომ გერმანიაზე, საფრანგეთზე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უფრო მეტი არის შემოსავალთან მიმართებაში ეს ჯარიმები და ვფიქრობ, ამას უკვე დასაბუთება არ სჭირდება. ეს არის ჩვეულებრივი სასჯელი, რომელიც გაამკაცრა პროტესტის გამოხატვის სურვილის მქონე ადამიანებთან მიმართებაში „ქართულმა ოცნებამ“. ერთია ვეტოს უფლება და მეორეა, რომ პარალელურად ჩვენ მაინც ვამზადებთ საკანონმდებლო ინიციატივას, თუ ეს არ გამოვიდა, მაშინ ჩვენ აუცილებლად დავარეგისტრირებთ კანონს, რომლის ერთადერთი მიზანი იქნება, დავაბრუნოთ ძველი ნორმები. მაგალითად, გეუბნებით, რომ 500-დან 1 500 ლარამდე იყო, ახლა გახდა 1000-დან 2 000 ლარამდე, უბრალოდ წინა ვერსიაზე დაბრუნების მარტივი კანონპროექტი გვექნება, ამის უფლება გვაქვს, როგორც პარლამენტის წევრებს, მაგრამ იმედი გვაქვს, აქამდე არ მივა საქმე“, – განაცხადა ვაშაძემ.