გიორგი ვაშაძე - ვაპირებ, წავიდე იქ, სადაც ყველაზე რთულია ბრძოლა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაიონად ითვლება ვაკე, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ჰყავს მხარდამჭერები
გიორგი ვაშაძე - ვაპირებ, წავიდე იქ, სადაც ყველაზე რთულია ბრძოლა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაიონად ითვლება ვაკე, რადგან „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ჰყავს მხარდამჭერები

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება და მას პოზიტიურ გზავნილს უწოდებს.

ვაშაძის თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციურ პარტიებს შორის გარკვეული დისონანსური საუბარი იყო და ამომრჩევლები უნდა ხედავდნენ, რომ ძალა ერთიანობაშია.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოკვეთა საკუთარი პოზიცია, რომელიც აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატურია.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, კარგი და პოზიტიური გზავნილი იქედან გამომდინარე, რომ რამდენიმე დღე იყო გარკვეული დისონანსური საუბარი ოპოზიციურ პარტიებს შორის. მთავარი, ვინც ამაზე ნერვიულობდა, არიან ჩვენი მხარდამჭერები, ადამიანები, რომლებიც უნდა ხედავდნენ, რომ ძალა ერთობაშია, მართლაც, ის კონსოლიდაციასა და გაერთიანებაშია და, მეორე მხრივ, ხედავდნენ, რომ რაღაც ისე ვერ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.

ასე რომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პოზიცია გამოკვეთა. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ლოგიკური და ადეკვატური პოზიცია არის. მე არ მგონია, რომ დანარჩენ ოპოზიცურ პარტიებს, ვინც ასე ვთქვათ ცალკე ვიღებთ მონაწილეობას ამ მოლაპარაკებების პროცესში, რაიმე შეთანხმების მოძიება გაგვიჭირდეს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ მომავალ კვირაში კანდიდატურების სახელების დონეზეც შეეძლებათ ჩამოყალიბება.

„უახლოეს მომავალში შევიკრიბებით და მომავალ კვირაში ვფიქრობ, რომ კანდიდატურების სახელების დონეზეც შეგვეძლება ჩამოყალიბება. გვქონდა საუბარი გუშინ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, კი ზოგს ფორმა არ მოეწონა, ზოგს ის არ მოეწონა, მაგრამ ნუ მოვძებნით მაინცდამაინც ცუდს, ვიპოვოთ კარგი და კარგია ის, რომ შეთანხმებისკენ არის გადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძე არ ადასტურებს, აპირებს თუ არა ვაკეში კენჭისყრას, თუმცა არც გამორიცხავს.

„მე არ შემიძლია, დავადასტურო. არ გამოვრიცხავ არც ვაკეს, არც სხვა რაიონს. მე ვაპირებ წავიდე იქ, სადაც ყველაზე რთული საბრძოლია. ვაკე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ რაიონად, რადგან ღიად ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ჰყავს მხარდამჭერები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ძალიან სერიოზული შედეგი იყო დადებული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ვაკეში, არამედ სხვაგანაც ჩვენ სტრატეგია უნდა შევცვალოთ და ვესაუბროთ ყველას, რადგან საქართველო არ იყოფა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად, საქართველი იყოფა ვიწრო ჯგუფად, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, ჩვენს მხარჯზე მდიდრდება და დანარჩენ საქართველოდ, რომელიც ღარიბდება მუდმივად და უპერსპექტივობაშია.

გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. გადაწყვეტილებას მარტო არ ვიღებ, გადაწყვეტილებას ვიღებ ყველასთან კოორდინაციაში. პირდაპირ ვიტყვი, თუ იტყვიან, რომ სხვას უნდა მაჟორიტარობა და სხვა ჯობია, აქაც მზად ვარ. ასე რომ, ყველა ვარიანტზე მზად ვარ, თანხმობა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ვინ სად იქნება მაჟორიტარი, ნაკლებად მნიშვნელოვანია“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ რეგიონებთან დაკავშირებით სპეციფიკური კვლევებია საჭირო.

„არის რაიონები, სადაც ჯობია, რამდენიმე ოპოზიციურმა კანდიდატმა დააყენოს. აქედან გამომდინარე, ნუ ვიჩქარებთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება „გირჩის“ ლიდერ, ზურაბ ჯაფარიძეს, ვაშაძე მიიჩნევს, რომ მისი განცხადება მხარდამჭერი იყო.

„რაც ზურამ დაწერა ქვემოთ პუნქტები, „გირჩისთვის“ რაც მნიშვნელოვანია, პრინციპში 99 პროცენტს ვეთანხმები.

ვფიქრობ, რომ ნიშვნელოვანია ამ რეფორმების გატარება. ზურა ერთობას კი არ გამოაკლდა, პირიქით, მხარდამჭერი განცხადება იყო. არ ვიცი მისთვის რა პროცესები იყო მიუღებელი ან თუ თქვა. მე და მას ძალიან კარგი ურთიერთობა, ბევრ რამეში თანხვედრა გვაქვს იდეებსა და ხედვებში, დავილაპარაკებთ და ყველაფერი კარგად იქნება“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.