გიორგი ვაშაძე - უმძიმესი პოლარიზებული გარემოა, ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ერთმანეთს შეველეწოთ, თუ შეთანხმების, გამოსავლების გზით ვიაროთ
გიორგი ვაშაძე - უმძიმესი პოლარიზებული გარემოა, ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ერთმანეთს შეველეწოთ, თუ შეთანხმების, გამოსავლების გზით ვიაროთ

„მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან პირად ექიმს არ უშვებენ. ვაშაძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, პირადი ექიმი სააკაშვილთან დაუყოვნებლივ შეუშვან.

„ჩემთვის ცნობილია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან პირად ექიმს არ უშვებენ, რაც ვფიქრობ არაადამიანური მოპყრობაა. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ასეთ ქმედებებს თავი დაანებეთ. სამარცხვინოა, პირადი ექიმია ეს ადამიანი, რომელიც მუდმივად მეთვალყურეობს მის ჯანმრთელობას. ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში როცა ადამიანი შიმშილობს, ასეთ საკითხებზე პრობლემა არ უნდა იქმნებოდეს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეუშვან პირადი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გუშინდელ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და გამოსავლის გზები ერთად უნდა იქნას მოძიებული. როგორც ვაშაძე ამბობს, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერი გამოსავლის ძიებაში.

„რაც შეეხება გუშინდელ აქციას და რა პროცესებიც ქვეყანაში მიდის, უმძიმესი პოლარიზებული გარემოა. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ერთმანეთს შეველეწოთ თუ შეთანხმების და გამოსავლების გზით ვიაროთ. ამ მძიმე ვითარებაში გამოსავალი რომ მოსაძებნია, ხომ ყველას გვესმის. პოლიტიკური, სოციალური, ყველანაირი კრიზი რომ ვერ გაგრძელდება, ფაქტია. მე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა ნებისმიერი გამოსავლის ძიებაში, რომელმაც უნდა ამოხსნას მძიმე კრიზისული ვითარება.

ერთი მხრივ, უმძიმესი ვითარებაა, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობს საპატიმრო დაწესებულებაში, მეორე მხრივ, ევროპარლამენტარების განცხადება ძალიან ცალსახად აჩვენებს, რომ ამ კლანური სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში მიჩნეული სამართლიან გადაწყვეტილებად, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. კომპლექსური გადაწყვეტა სწრაფად უნდა იყოს მოძებნილი. ქვეყანა უნდა დავიხსნათ უმძიმესი კრიზისიდან. ევროპარლამენტარების განცხადებაც ძალიან ცალსახად აჩვენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც არ აქვს სამართლიანი მართლმსაჯულება და საკუთარ პოლიტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით არის საპატიმრო დაწესებულებაში, ჩაითვლება პოლიტპატიმრად, ვიდრე მას კლანი ასამართლებს, ვიდრე მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ერთადერთ გზას თუნდაც სააკაშვილის და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ საქმესთან დაკავშირებით ვხედავ, რომ უნდა იყოს უცხოელ მოსამართლეთა პანელი, რომელიც ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით წერტილს დასვამს.

დღევანდელ ქართულ სასამართლოს ნულოვანი ნდობა აქვს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ფაქტია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა ძალიან მაღალია. ასე მძიმე კრიზისში ქვეყნის მართვა ვერ გაგრძელდება და გამოსავალი მოსაძებნია. ნამდვილად არ მინდა, ეს მძიმე ფინი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ყველაზე მეტად არასერიოზული მგონია სპეკულაცია აქციაზე ადამიანების რაოდენობის კუთხით. ერთი ამბობს იყო ხუთი კაცი, მეორე ამბობს, რომ იყო 500. თავების დათვლით და იმის დატოლება კი არ უნდა იყოს 2012-ში უფრო მეტი ხალხი იყო თუ 2021-ში და 2022-ში მეტი იქნება თუ 2018-ში უფრო მეტი იყო. ქვეყანაში მძიმე ვითარებაა და ამ ვითარებიდან სახელმწიფო უნდა დავიხსნათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი