გიორგი ვაშაძე - უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება საქართველოში, ისევე როგორც ჩემთვის, ქართველი პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხდება უკრაინაში
გიორგი ვაშაძე - უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება საქართველოში, ისევე როგორც ჩემთვის, ქართველი პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხდება უკრაინაში

საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი მისწრაფება ევროკავშირსა და ნატო-ში არის საერთო, ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, შესაბამისად, ჩვენი საგარეო ვექტორი არის გადაჯაჭვული, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინის ინტერესებშია.

„ორივე სახელმწიფოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენი გუნდი გაიმარჯვებს არჩევნებში და ჩვენ ჩავუდგებით სათავეში საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინასთან ჩვენ გვექნება სპეციალური შეთანხმებები საერთო ეკონომიკური ზონის, საერთო თავდაცვითი სისტემებისა და საერთო სტრატეგიასთან მიმართებაში,  რადგან უკრაინა არის ძლიერი სახელმწიფო და ჩვენ გვჭირდება მისი პარტნიორობა, რათა დავაჩქაროთ საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ასე რომ, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა იქნება საქართველოში, ისევე როგორც ჩემთვის, ქართველი პოლიტიკოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა ხდება უკრაინაში“, – აცხადებს ვაშაძე.

კითხვაზე, რას ნიშნავს სააკაშვილის აღნიშნული განცხადება, ვაშაძის თქმით, სააკაშვილმა რაც თქვა, იმას გულისხმობდა.

‌„მე, გიორგი ვაშაძეს, რომელიც ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკაში და აქტიური პოლიტიკოსი, უკრაინაზე გამიკეთებია არაერთი განცხადება. უკრაინაში იმხელა ცნობადობა არ მაქვს,  როგორც საქართველოში, მაგრამ არც ძალიან დაბალი. ასე რომ, ეს გადაჯაჭვულია. რას გულისხმობდა და როგორ გულისხმობდა, რაც თქვა, იმას გულისხმობდა, აქ არაფერი სხვა არ არის. მეც პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ განვითარდება  და რა მიმართულებით განვითარდება უკრაინა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში არასდროს იყოს პრორუსული ძალა. როდესაც იქ ვიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, სწორედ პირველი, რასაც ვებრძოდი, ეს იყო პრორუსული ძალები, პუტინთან შესახვედრად ჩასული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ ხელისუფლების ისევ უკან დაბრუნებას, მაგრამ ეს  არ გამოუვიდათ. ამაში ჩემი წვლილი მაქვს მიღებული. საქართველოს ინტერესია, რომ უკრაინის ხელისუფლებაში არასდროს მოვიდეს პრორუსული ძალა. მე, როგორც საქართველოს პოლიტიკოსი, ვამბობ, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესშია, უკრაინაში პრორუსული ძალა არასდროს მოვიდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა.

დატოვე კომენტარი