გიორგი ვაშაძე - უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანდახევა არის საღი აზრის, სახელმწიფოებრივი პოზიციის გამარჯვება
გიორგი ვაშაძე - უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანდახევა არის საღი აზრის, სახელმწიფოებრივი პოზიციის გამარჯვება

უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით უკანდახევა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო, არის საღი აზრის, სახელმწიფოებრივი პოზიციის გამარჯვება, რომელსაც ომის დაწყების დღიდან ვეუბნებით „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ორი თვე იყო ანტიუკრაინული გზავნილებით დაკავებული. თქვენ თვითონ ხედავთ, რომ უკრაინის მხრიდან უკვე პოზიტიური გამოხმაურება აქვს გადაწყვეტილებას, რომ საერთო საპარლამენტო დელეგაცია ჩავა მათი მიწვევით უკრაინაში. სჯობდა, ეს უფრო ადრე გაკეთებულიყო – არა სამხრეთ აფრიკის შემდეგ, რომელიც უკვე ჩასული იყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, დელეგაცია უკრაინაში ჩავა და საზოგადოება ნახავს, „ქართული ოცნება“ ამას იმისთვის გამოიყენებს, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს და საკუთარი შეცდომა აღიაროს, თუ ისევ გააგრძელებს იმავე ტიპის რიტორიკა, რაც ჰქონდა.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ბელარუსთან შედარება არასწორია, რადგან ჭირში მყოფი მოძმე ერი შენგან მეტს ითხოვს.

„ყველაზე ცუდი იცით, რა არის?! – როდესაც „ქართული ოცნების“ აპოლოგეტები საკუთარ თავს ბელარუსს ადარებენ, ბელარუსიდან არ გაიწვიეს ელჩი და საქართველოდან რატომ გაიწვიესო. დიახ, იმიტომ, რომ ჭირში მყოფი შენი მეგობარი, ძმა, ასე ვთქვათ, შენი მოძმე ერი შენგან მეტს ითხოვს. ბელარუსიდან რა უნდა მოითხოვონ?! საერთოდ დაავიწყდათ, იქ საელჩო რომ აქვთ, არც ახსოვთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ომში მყოფი უკრაინისთვის ვიზიტის სანაცვლოდ წინაპირობებისა და ულტიმატუმების წაყენება ყველაზე სამარცხვინო საქციელია.

„ვფიქრობ, დღეს ჩვენ, საქართველომ, დავიბრუნეთ გარკვეულწილად ღირსება, რომელიც შელახული იყო, უპირველესად, ჩვენი მოძმე ერის თვალში და ჩვენი ყველა დასავლელი პარტნიორის თვალში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია ერთი პარტია არ არის და თუ დელეგაცია საერთო საპარლამენტო უნდა იყოს, მაშინ საჭიროა იქ ყველა საპარლამენტო ჯგუფი წარდგეს.

„გუშინ იყო საუბარი, ახლა თქვენ ამოარჩიეთ, ან მე ამოვარჩევ, ვინ უნდა წამოვიდესო და ეს დამოკიდებულება სწორი არ არის. ეს ხომ გამონაკლისი ვითარებაა და თუ უნდა იყოს საერთო საპარლამენტო, მაშინ საჭიროა აქ ყველა საპარლამენტო ჯგუფი წარდგეს. ოპოზიცია ერთი პარტია არ არის. ამის გასაღება უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ოპოზიცია ერთი პარტიაა, მაგრამ ეს ასე არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, აქვს თუ არა დამატებითი ინფორმაცია დელეგაციის დღის წესრიგზე და რადას თავმჯდომარის გარდა, ვისთან იგეგმება შეხვედრა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ეს ცნობილი არ არის და გარდა ამისა, ეს არ გახლავთ სტანდარტული ვიზიტი, ყველაფერი პროტოკოლურად, წუთებით გაიწეროს.

„მთავარია, ქართული დელეგაცია ჩავა და მეორე – მთავარი არის ის, რომ ერთიანობას ვაფიქსირებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.