გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მხარდაჭერაზე - ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ
გიორგი ვაშაძე თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მხარდაჭერაზე - ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ სერიოზულად ვერ ისაუბრებს საკითხებზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნიკა მელიას თბილისის მერობის საერთო კანდიდატად დაყენებას და ასევე, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძის წარდგენას.

ამასთან, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლით ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია ქვეყანაში.

„კარგია, რომ ნიკა მელია თავისუფალია, ერთით ნაკლები პოლიტპატიმარია. ეს არის შეთანხმების კონკრეტული შედეგი, რომელსაც ვიმკით. მასთან სატელეფონო საუბარი მქონდა, საზღვარგარეთ მივფრინავ და როგორც კი ჩამოვალ, შევხვდები და დავილაპარაკებ, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კანდიდატებს, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე. მეტი არაფრის თქმას ვაპირებ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, შეკითხვაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თუ არა პოზიციას ნიკა მელიას მერობის საერთო კანდიდატად მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ვაშაძემ თქვა: „ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ“. ხოლო შეკითხვაზე, საკრებულოს თავმჯდომარედ ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურა განიხილება და მას დაუჭერს თუ არა მხარს, ვაშაძემ თქვა: „ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ. ამ ყველაფერს სერიოზულ პასუხებს ვერ გავცემ“.