გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შევთანხმდით საერთო სამოქმედო გეგმაზე, არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შევთანხმდით საერთო სამოქმედო გეგმაზე, არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ

მჯერა, პროევროპელთა დიდ ერთობას, როგორც პარტიულების, ასევე უპარტიოების, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ პრორუსების მიერ მიტაცებული სამშობლო პროევროპელ ხალხს დავუბრუნოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ამ ამოცანისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ.

„ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის. პროცესი მზარდია, მეტი ადამიანი და მეტი პარტია ერთვება. დარწმუნებული ვარ, დიდ გამარჯვებამდე მივალთ. არსად გვეჩქარება. რა თქმა უნდა, მეჩქარება, რომ მალე გავუშვა „ქართული ოცნება“, რადგან ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს ვერ ვიღებთ, მაგრამ ამას მუშაობა უნდა“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ შეთანხმდნენ საერთო სამოქმედო გეგმაზე და არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ აპირებენ.

„სამი პოლიტიკური ძალა არანაირ ერთ პარტიად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ. საერთო სამოქმედო გეგმაზე შევთანხმდით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს წრე გაფართოვდება, რადგან ეს არის გზა ქართველი ხალხის გამარჯვებისკენ. ვიწრო პარტიული ინტერესები უკვე უნდა გადაიდოს. ერთი წლის წინაც კი, სხვა ვითარება იყო და დღეს სხვა ვითარებაა. დღეს არის ან რუსეთი ან ევროპა. ჩვენ ევროპისკენ მივდივართ და რუსეთისკენ ვინც მიდის, ისინი უნდა ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას, სხვაგვარად წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, აღნიშნულ სამ პარტიას დღეის კვლევებით ჯამში დაახლოებით 10 პროცენტი აქვს.

„სასტარტო პროცესში 10 პროცენტი საკმაოდ მაღალი მხარდაჭერაა საქართველოში. თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ, მხარდაჭერა იქნება გაცილებით მეტი, მაგრამ მთავარი არის არა პროცენტები, არამედ ის გულწრფელი სურვილი, რაც ჩვენ გვაერთიანებს – გზა ევროპისკენ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ კომპლექსურად და სტრატეგიულად ერთად მუშაობაზე შეთანხმდნენ.

„ეს არის ამ სამი პარტიის სინერგიული ქმედებები ევროპული გზის მიმართულებით. სისტემურად, კომპლექსურად და სტრატეგიულად ერთად მუშაობა, თუმცა მარტო პარტიებს ნუ უყურებთ, ჩვენ ძალიან ბევრ უპარტიო ადამიანს ველაპარაკებით, რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვებიან. ჩვენი სტრატეგიაა: მოემზადე კარგად და შემდეგ გადადი გადამწყვეტ შეტევაზე პრორუსებთან, რომლებიც ამ ქვეყანას დაეპატრონენ. სამი პარტია უკვე შევთანხმდით, რომ ნაბიჯებს სინერგიულად ვდგამთ. არც სახელი დაგვირქმევია არაფრისთვის, არ დავდექით ბანერთან და არ გამოვაცხადეთ რაღაც ე და უ. საქმეს ვაკეთებთ. წავედით ერთად ბრიუსელში, ერთობლივად გავაკეთეთ განცხადება და ვაპირებთ, საზოგადოებას ერთად შევხვდეთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“, „დროამ“ და პარტიამ „გირჩი – მეტი თავისუფლება“ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.