გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ 27-საათიან ტურნეს იწყებს
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ 27-საათიან ტურნეს იწყებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, არჩევნებამდე ცოტა დრო დარჩა და ბევრი რაიონია, რომლის მოსახლეობასაც მასთან შეხვედრა სურს, სწორედ ამიტომ 27-საათიან უწყვეტ ტურნეს ბათუმიდან იწყებს.

ვაშაძის თქმით, 27 საათის მანძილზე მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შეხვდება და მათ საარჩევნო პროგრამას გააცნობს.

პარტიის პრემიერობის კანდიდატის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების გზაზე მიდის.

„არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა და ძალიან ბევრ რაიონს უნდა რომ ჩავიდე, ვისაუბროთ, დავგეგმოთ, შევხდეთ მოსახლეობას და კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს მოსასწრები. ამიტომ გადავწყვიტე, რომ 27 საათიანი უწყვეტი ტურნე დავიწყო ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში. ამ 27 საათის განმავლობაში შევხდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს, მოქალაქეს, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც ჩვენთან შეხვედრა უნდა და გავესაუბრებით ჩვენს მოხალისეებს. ბევრი დასვამთ კითხვას, რატომ 27 საათი და არა 24 საათი?! – იმიტომ, რომ 27 „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ნომერია, ანუ ყველამ უნდა შემოვხაზოთ 27 ნომერი, რათა დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე. ამ 27 საათის მანძილზე შევეცდები, მაქსიმალურად ბევრ რაიონში ჩავიდე, ბევრი ადამიანი ვნახო, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ავუხსნა და განვუმარტო ჩვენი პროგრამა და ვუთხრა, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა და ეს პერსპექტივა აღმშენებლობის გზაზე გადის.

პირველივე დღიდან, როცა ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა დავაფუძნეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო საქმის გარშემო გაგვეერთიანებინა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. უარი გვეთქვა დაპირისპირებაზე და მაქსიმალური კონსოლიდაცია საქმეზე გაგვეკეთებინა. აი ეს არის სწორედ „სტრატეგია აღმაშენებლის“ შინაარსი. გვაქვს ბევრი პროექტი და გეგმა, მაგრამ რაც მთავარია, გვაქვს უშრეტი ენერგია, რომ დღე და ღამე ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ. ამ უშრეტ ენერგიას შემდეგი 27 საათის მანძილზე გაჩვენებთ, ყოველ საათში ერთხელ ფეისბუქლაივის საშუალებით ნახავთ, რა აქტივობა გვაქვს. მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ. 27 ნომერი 27 საათის მანძილზე ტურნეს ვიწყებთ ბათუმიდან და მაქსიმალურად შევეცდებით, მთელი საქართველო მოვიცვათ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამარჯვების გზაზე მიდის და მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.

ბათუმიდან მივდივართ ოზურგეთში, სადაც შევხდებით ჩვენს მოხალისეებს და მოსახლეობას გავესაუბრებით. 15:00 საათზე კი ქუთაისში დიდი ღონისძიება გვექნება. დროა, ვაჩვენოთ ჩვენი ენერგია, თუ რა შეგვიძლია ჩვენი ქვეყნისთვის და სწორედ ამ ენერგიით გვინდა, რომ საბოლოო ჯამში გავიმარჯვოთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.