გიორგი ვაშაძე - ნაკლებად ვუსმენ სხვა პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს, ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ გაცემული პირობის
გიორგი ვაშაძე - ნაკლებად ვუსმენ სხვა პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს, ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ გაცემული პირობის

სხვა პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გაცემული პირობის ერთგულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც პლებისციტთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ ცვლილება შეიტანოს ოპოზიციის გეგმებსა და მოთხოვნებში, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ არაფერი იცვლება.

„ერთი რამ შემიძლია ვთქვა. ჩემთვის და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდისთვის არაფერი იცვლება. ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ ჩვენი გაცემული პირობის. დანარჩენი, ვის გეგმებში შეიტანს ცვლილებებს, ეს სხვას ჰკითხეთ, ნაკლებად ვუსმენ სხვა პარტიის წარმომადგენლების განცხადებებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, საბოლოო შეთანხმებას ხომ არ შეუშლის ხელს მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდება.

„ცალკეული განცხადებები ჩემთვის არაფერს არ შეუშლის ხელს. მთავარი აქ არის, რომ გონს მოვიყვანოთ „ქართული ოცნება“, თორემ დანარჩენი, ცალკეული განცხადებები რა იქნება და როგორ იქნება, ნაკლებად მაინტერესებს. გონს უნდა მოვიდეს „ქართული ოცნება“. მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მოლოდინი მაქვს, რომ შეთანხმებით დასრულდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.