გიორგი ვაშაძე - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მივაღწიეთ იმას, რომ საარჩევნო პროცედურაში მაქსიმალურად დაინერგება ტექნოლოგიები
გიორგი ვაშაძე - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მივაღწიეთ იმას, რომ საარჩევნო პროცედურაში მაქსიმალურად დაინერგება ტექნოლოგიები

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მივაღწიეთ იმას, რომ საარჩევნო პროცედურაში მაქსიმალურად დაინერგება ტექნოლოგიები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკო-ში განაცხადა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება.

„პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველა სხვა პროცედურულ ცვლილებასთან მიმართებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიები არჩევნების დროს. თვითონ ნახეთ, თქვენი თვალით, რამდენი ტექნოლოგიური სიახლე დაინერგება, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ ადამიანური ფაქტორი უნდა ამოვაგდოთ საარჩევნო პროცედურიდან და მაქსიმალურად იქნება დანერგილი ტექნოლოგიები, რომელიც დაზღვეული იქნება უსაფრთხოების კუთხით.

პირველი არის სახის ამომცნობი სისტემა, რომელიც წამში აიდენტიფიცირებს თითოეულ ამომრჩეველს. შეუძლებელია, არასწორი ადამიანი შევიდეს უბანზე ან გააყალბოს მონაცემები. ბაზაში ინახება მისი ფოტოები, ვინც შევიდა კონკრეტულ უბანზე. მეორე – ეს არის ახალი თაობის ბიულეტენები, რომელიც განსხვავებულია ვიზუალურადაც და აღირიცხება ის საერთო სისტემაში ბარკოდებით, რომ ბიულეტენი აღარავინ გაიტანოს უბნის გარეთ. მესამე არის ხმის დათვლის პროცესი. ვიდრე დათვლა დაიწყება, დასკანერდება ყველა ბიულეტენი, ანუ ონლაინში ყველა შევხედავთ ბიულეტენებს. შეგვიძლია, ოფისში დავსხდეთ და დავთვალოთ ხმები. კამერა, რომელიც გადაიღებს სათითაოდ ყველა ბიულეტენს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ამდენი ცვლილებისთვის საქართველოს ისტორიაში ჯერ არავის მიუღწევია.

„პირდაპირ გეტყვით, დამოუკიდებელი საქართველოს 30-წლიან ისტორიაში ამდენი ცვლილებისთვის არავის მიუღწევია. ჩვენ, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებმა მივაღწიეთ ამას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ამის რეალიზება. გარდა ამისა, მე მქონდა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან საუბარი, რომ თუ ფინანსური მხარდაჭერა დაგვჭირდება, ვთხოვეთ, ფინანსურად დაგვეხმარონ და ის სკანერები, რომელიც ძვირად ღირებულია, ამერიკიდან გადმოგვცენ საჩუქრად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცესკო-ში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკო-ს, ისე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკვირდებიან.

იმიტირებული კენჭისყრა ცესკო-ში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობის საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს, რომლის შემადგენლობაშიც, ცესკო-ს თანამშრომლებთან ერთად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შედიან.

დატოვე კომენტარი