გიორგი ვაშაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მონაწილეობს აღმშენებლობის პროცესში, დემოკრატიული პრინციპების განვითარებაში
გიორგი ვაშაძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მონაწილეობს აღმშენებლობის პროცესში, დემოკრატიული პრინციპების განვითარებაში

დღევანდელი ფორმაციით საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩემი აზრით, ვერ ასრულებს იმ დაკვეთას, რაც სჭირდება საზოგადოებას,- ასეთი კომენტარი გააკეთა პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილის განცხადებაზე, რომ „ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პირველი არხი უნდა გავაუქმოთ“.

როგოც ვაშაძე ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებელი აღმშენებლობის პროცესში არ მონაწილეობს.

„ეს უნდა იყოს ღია მექანიზმი, პლატფორმა, მათ შორის სხვა მედიასაშუალებებისთვის რა ინფრასტრუქტურაც იქ არის შექმნილი, მათ შორის დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც არიან, რომ ეს გამოიყენონ. დღევანდელი ფორმაციით, რაც არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვერ პასუხობს გამოწვევებს, რომელიც აქვს საქართველოს. ის არ მონაწილეობს აღმშენებლობის პროცესში, არ იღებს მონაწილეობს დემოკრატიული პრინციპების განვითარებაში, რაც უნდა იყოს ფუნდამენტი. ამ სისტემით, ამ შინაარსით საზოგადოებრივი მაუწყებელი ნამდვილად არ უნდა იყოს“,- განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, რას გულისხმობს კონკრეტულად, რომ საქართველოს პირველი არხი დემოკრატიის განვითარებაში არ მონაწილეობს, მხოლოდ იმას, რომ სხვა ტელევიზიებს არ უნაწილებს თავის კუთვნილ ტექნიკას, ვაშაძე პასუხობს:

„არამარტო, ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის, თუ ჩვენ ამ ინფრასტრუქტურაში ფულს ვდებთ. ეს არის თუნდაც პოლიტიკური ღია გამჭირვალე მიდგომა დებატების თვალსაზრისით, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს და არ გვაქვს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საქართველოს პირველ არხზე გადაცემებში, დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეზღუდულად აქვს.

„მოითხოვეთ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები, რატომ არ ითხოვთ? ლოტოტრონში აგდებთ 80 პარტიას, უინტერესო რომ გახადოთ დებატები. კონკრეტული მაგალითია, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებულმა, მოსთხოვეთ ხელისუფლებას, მოვიდნენ თქვენთან დებატებში. რატომ არ აკეთებთ ამას?“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა სურვილი, რომ საქართველოს პირველ არხზე მისულიყო და ამის შესაძლებლობა არ მიეცა, ვაშაძე აცხადებს:

„მქონდა სურვილი? ახლა მე ხომ არ უნდა ვურეკო ჟურნალისტებს? როცა თქვენ ხელისუფლების დაკვეთით აკეთებთ იმას, რომ ლოტოტრონში გინდათ ჩაყაროთ ყველა პოლიტიკური ძალა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი რეკავს, რომ შექმნას დებატები, რომელიც იქნება აბსოლუტურად უინტერესო, ეს არის ხელისუფლების დაკვეთის შესრულება. გამოდით დღესვე და მოითხოვეთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებს შორის დებატები. პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ამის მოთხოვნა, მე რა თქმა უნდა, დაგიჭერთ მხარს. როცა თქვენ დაგვირეკეთ ყველა პარტიას და გვითხარით, რომ ლოტოტრონში ჩავყრით ყველა პარტიას და ვინ ვისთან მოხვდება აი, იმის მიხედვით იქნება დებატები. თქვენ გინდათ უინტერესო გახადოთ და დებატებისგან შექმნათ ფარსი“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, დებატებში მონაწილეთა ვინაობა და რაოდენობა რეიტინგის მიხედვით უნდა იყოს არჩეული.

„მარტივად, რეიტინგის მიხედვით, როგორც იყო წინა არჩევნების დროს. რის მიხედვით იყო პრეზიდენტობის კანდიდატები შერჩეული, რის მიხედვით იყო მერობის კანდიდატები შერჩეული სამი წლის წინ. რა შეიცვალა დღეს? რატომ არის ლოტოტრონი? მაშინ კიდევ უფრო მეტი მონაწილე იყო არჩევნებში, მაგრამ მაშინ რეიტინგით განისაზღვრებოდა.

კიდევ ერთხელ ვამბობ – მოითხოვეთ დებატები. მე არ მაქვს ჟურნალისტებთან არანაირი პრეტენზია, მაქვს სარედაქციო პოლიტიკასთან ამ შემთხვევაში. მოითხოვეთ რეალური დებატები, რეალურ საპრემიერო კანდიდატებს შორის და დაგიჭერთ მხარს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.