გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს
გიორგი ვაშაძე - საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქვეყნაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც მისი თქმით, „ჩაფლავებული მთავრობის ჩაფლავებული გეგმის შედეგია“.

ვაშაძის განცხადებით, საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეროვნული ვალუტა კატასტროფულად უფასურდება და მოქალაქეები შიმშილის პირას არიან

„საქართველოს ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ლარის კურსი უფასურდება, 200 000 სამუშაო ადგილი დავკარგეთ, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრებულია, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს არის მაგალითი, ჩაფლავებული ეკონომიკური და ე.წ.  ანტიკრიზისული გეგმის, რომელიც ბატონმა გახარიამ, ჩაფლავებულმა პრემიერ-მინისტრმა შემოგვთავაზა და რომლითაც ძალიან მაგრად იქებდნენ თავს“, – აცხადებს ვაშაძე.

ამასთან, ვაშაძე აღნიშნავს, რომ რეგიონში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც „ეროვნული ვალუტა სულს ღაფავს“.

„ლარის კურსი ეს არის ნომერ პირველი პრობლემა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც ყოველდღიურად დრამატულად უფასურდება. 450 მლნ დოლარი, ჩვენი ფული მხოლოდ წელს დახარჯულია იმისთვის, რომ ლარის კურსი როგორმე გაამყარონ და შედეგი არის ნული, დღეს დოლარის კურსი 3.33 და ველოდებით კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას. სომხეთსა და აზერბაიჯანში მთელი წლის მანძილზე 1%-იანი ცდომილება აქვს კურსს და დღესაც ასეა, საქართველოში კი 17%-ით გაუფასურდა ლარის კურსი. ანუ თუ იტყვიან, რომ ეს არის გლობალური პრობლემა ან რეგიონის, ეს არის ტყუილი. ერთადერთი ქვეყანა ვართ რეგიონში, სადაც კატასტროფულად გაუფასურდა ვალუტა, ეს სწორედ საქართველოა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა! სამი მლრდ ლარით მეტის გადახდა მოუწევს საქართველოში ბიზნესს ან ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სესხი დოლარში ან ევროში აქვთ აღებული. შემაშფოთებელია ის ციფრი, რომელიც დღეს არის Bloomberg-საერთაშორისო ვალუტით ვაჭრობის ბირჟაზე, ისინი ამბობენ რომ ლარის კურსის საპროგნოზო მაჩვენებელი შეიძლება დაეცეს 3.80-მდე ანუ ლარის კიდევ უფრო კატასტროფულ გაუფასურებას წინასწარმეტყველებენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკა გამოდის კრიზისიდან ჩვენ კი, რეალურად ვხედავთ, რომ კიდევ უფრო მეტ კრიზისში შევდივართ“, – ამბობს ვაშაძე.

მისივე თქმით, ამ კრიზისიდან გამოსასვლელად საჭიროა გაჩნდეს მძლავრი პოლიტიკური მოლოდინი.

„ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებამ გააჩინოს და ახალი კომპლექსური, სისტემური ეკონომიკური რეფორმების ახალმა ტალღამ, სწორედ ეს გვაქვს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს გათვითცნობიერებული. თუ მძლავრი და ახალი რეფორმები არ დაიწყო ქვეყანაში, თუ აქტიურად არ ვიმუშავეთ ინვესტიციების მოსაზიდად არაფერი არ შეიცვლება. ჩვენს მიერ წარმოდგენილია სამი პუნქტი: 1. სწრაფი, კომპლექსური და სისტემური ეკონომიკური რეფორმები; 2. ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია, სხვა შემთხვევაში არანაირი ნდობა და პოზიტიური განრიგი არ დაიწყება; 3. ჩვენ უნდა გადავიდეთ მულტისავალუტო რეჟიმზე (ლარი/ევრო საგადასამხდელო საშუალებად შემოღება). ამ გეგმით იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გადარჩენა“, – აცხადება გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.