გიორგი ვაშაძე - სამართალდამცველებმა დააკავეს ჟურნალისტი, რაც არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება
გიორგი ვაშაძე - სამართალდამცველებმა დააკავეს ჟურნალისტი, რაც არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება

ცუდი ქმედება იყო სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან, როდესაც დააკავეს ჟურნალისტი. ეს მე მგონი. არც ერთ ნორმალურ სახელმწიფოში არ ხდება, – ამის შესახებ სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ, presa.ge-ს დირექტორის გიორგი კაპანაძის დააკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საქართველომ დაკარგა ნორმალური, დემოკრატიული სტანდარტი და უკიდურესი პრობლემებისკენ მიდის.

„მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. ერთი საათი დარჩა უბნების დახურვამდე. გამარჯვებამდე ძალიან ცოტა გვაშორებს. მერე უკვე ჩვენ ყველა დამკვირვებელს და კომისიის წევრს მოვუწოდებთ, რომ თითოეული ბიულეტენი გავაკონტროლოთ. ყველამ უნდა დავინახოთ, ვინ შემოხაზეს. ამ გამარჯვებას ხელიდან ვერავინ გამოგვტაცებს. ვიბრძვით ბოლომდე და თითოეულ ბიულეტენს დავიცავთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას მყარი პოზიციები აქვს ზუგდიდში, ზესტაფონში, მარნეულსა დ სხვა რეგიონებში.

„ძალიან კარგი პოზიციები გვაქვს. მაღალი ალბათობით, პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ამ არჩევნებში ზუგდიდში. ასევე კარგი პოზიციები გვაქვს ზესტაფონში, მარნეულში და სხვა რეგიონებში. დაახლოებით ერთი საათი დარჩა არჩევნებამდე, არ დავიზაროთ და მივიდეთ არჩევნებზე, რადგან თითოეული ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ დღის მანძილზე, რომ ყველა ზეწოლის მექანიზმი, ეს მთელი სამართალდამცავი ორგანოები, ასობით მანქანა, რომელიც ჩამოიყვანეს ზუგდიდში, ფაქტობრივად გადავკეტეთ მათი მუშაობის პროცესი. მაქსიმალურად შევქმენით გარემო, როდესაც თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ნების გამოხატვის უფლება. ჩვენი მონაცემებით, ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს და ალბათ, დღეს დასრულდება არჩევნები ზუგდიდში სანდრა რულოვსის გამარჯვებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„დილით ძალიან ბევრი ადამიანი მოიყვანეს საკუთარი ტრანსპორტით. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც ისარგებლეთ „ქართული ოცნების“ ტრანსპორტით. იცით, რომ ჩვენ ფინანსურად ცოტა შეზღუდული ვართ, მაგრები ხართ ამაშიც“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

presa.ge-ს დირექტორი გიორგი კაპანაძე ზუგდიდში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. გიორგი კაპანაძე მალევე გაათავისუფლეს. როგორც თავად აცხადებს, არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენია და მისი დაკავების მიზანი, ჟურნალისტური საქმიანობა გახდა.