გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ანაკლიას ცალკე საკითხი ეთმობა, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს პორტი სასიცოცხლოდ სჭირდება და ამას „ქართული ოცნება“ გადაეღობა
გიორგი ვაშაძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ანაკლიას ცალკე საკითხი ეთმობა, რადგან ჩვენს ქვეყანას დღეს პორტი სასიცოცხლოდ სჭირდება და ამას „ქართული ოცნება“ გადაეღობა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ანაკლიას ცალკე საკითხი ეთმობა, რადგან ზუსტად ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში დღეს ანაკლია და პორტი ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება და ამას „ქართული ოცნება“ გადაეღობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილზე, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ არის საუბარი და აღნიშნულია: „საქართველოს მთავრობა აცხადებს თავისი მზადყოფნის შესახებ, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, თუმცა ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოცხადებულა“.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორები მოატყუა, თითქოს ხელახლა გამოაცხადებდა ტენდერს პროექტზე.

„დასავლელი პარტნიორები მოატყუა, ვითომ ხელახლა გამოაცხადებდა ტენდერს და რუსული დავალებით გააჩერა ეს პროექტი. მთავარი დიაგნოზი დასმულია, ვიდრე კლანი მართლმსაჯულებას მართავს, არც წარსულში, არც დღეს და არც გასული 30 წლის დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთ უკანონობას ვერ გაეცემა სამართლიანი პასუხი. ზუსტად ამიტომ ვითხოვთ სამართლიან მართლმსაჯულებას, რომ ვისი უფლებაც ოდესმე დაჩაგრულია ამ ქვეყანაში, რომელი მთავრობის დროსაც არ უნდა იყოს, ადამიანებმა სამართლიანობა უნდა იზეიმონ და სამართლიანობა უნდა აღდგეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, ანგარიშიდან შეეფასებინა საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ფინანსურ ინსტიტუტებს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია: „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად“.

ვაშაძის განცხადებით, ეროვნულ ბანკს მცირედი დამოუკიდებლობა აქვს შენარჩუნებული და საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან მიმართებით „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს არ ასრულებს.

„მე შემიძლია წინასწარი გათვლა გავაკეთო – თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას შეინარჩუნებს, დღევანდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღარ იქნება, როგორც კი ვადა ამოეწურება, რადგან დღეს ეროვნულ ბანკს მცირედი დამოუკიდებლობა მაინც აქვს შენარჩუნებული და საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან მიმართებით „ქართული ოცნების“ ანტისახელმწიფოებრივ დავალებებს არ ასრულებს. ეროვნულმა ბანკმა ეს ტესტიც უნდა ჩააბაროს, რომ VTB-ის შეძენა რომ უნდა ერთ რუს-ქართველს, არ მიჰყიდოს VTB ბანკი. გვენეტაძე ამ ტესტსაც თუ გაივლის, მას „მოაძრობენ“ საკუთარი თანამდებობიდან“, – აღნიშნა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის იმ ნაწილზეც, სადაც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზეა საუბარი.

„ეგ ჩანაწერი საერთო კონტექსტშია, რომ საქართველოში არის კლანური მართლმსაჯულება, რომელიც ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას და ინვესტიციებს. მე ვარ ერთ-ერთი თანაავტორი, რომელიც ზუსტად ამ სერვისებს უზრუნველყოფს ბიზნესისთვის, რომ კომპანია სწრაფად დაარეგისტრიროს, ოღონდ იმ იუსტიციის სახლში დღეს თუ წახვალთ, ყოველდღე პროგრამული ხარვეზია, რადგან ამ სისტემას მიზანმიმართულად ანადგურებენ. ბედნიერი ვარ, რომ ერთადერთი მიმართულება, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნდა საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე, არის სიმარტივე პროცედურებში. ეგ კობახიძის და ღარიბაშვილის გაკეთებული არ არის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დატოვე კომენტარი