გიორგი ვაშაძე - საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს
გიორგი ვაშაძე - საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს

საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თემის კომენტირებისას.

ვაშაძის თქმით, მელიას „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული სტანდარტების დარღვევის გარდა, სხვა გზა არ აქვს.

„სამწუხაროდ, სხვა გზა არა გვაქვს ქვეყანაში, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაწესებული სტანდარტები დავარღვიოთ. არც სასამართლო გვაქვს, არც პროკურატურა, ნულოვანი ნდობა აქვს ყველა ინსტიტუციას. არც პარლამენტი გვაქვს, მთავრობა და პრემიერი კაბინეტიდან არ გამოსულან და ხალხს არ ელაპარაკებიან, ნულოვანია ნდობა. მე ასე დავარღვიე მაგალითად ერთ-ერთი რეგულაცია, როცა დავარღვიე შინაპატიმრობა. შინაპატიმრობაა, აბა რა არის, იძულებით რომ ხარ სახლში, მიუხედავად ჯანმრთელობის, ტესტის და ყველაფრისა. მერე მოუწიათ და შეცვალეს ეს რეგულაცია. ახლა საზღვარზე რომ შემოხვალ, აღარ გჭირდება 12 დღე იყო. ასე უნდა ვიაროთ, სხვა გზა არ არის, რომ ვაიძულოთ ეს ადამიანები, ნორმალური, ცივილური წესებით ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, ეს არის ამის გამოძახილი და დანარჩენი „ქართულ ოცნებაზეა“, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, მძიმე ვითარებაში არიან.

არ ვიცი, ახლა რატომ გაახსენდათ ნიკა მელიას გირაო, თვე-ნახევარი გავიდა, რაც უნდა დაებარებინათ. ალბათ, საცივს ჭამდნენ და არ ეცალათ. საცივის ჭამას მორჩნენ, გამოვიდნენ და დაიბარეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია დღეს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარებ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მისთვის დაკისრებული გირაოს გადახდას არ აპირებს.