გიორგი ვაშაძე - რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას
გიორგი ვაშაძე - რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას

რუსთაველის გამზირზე ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ მოუწოდა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები და არ დაარღვიონ კანონი.

„გუშინ ვნახეთ ხელისუფლების მხრიდან დანაშაულებრივი ქმედება. შს სამინისტრომ მინისტრისა და ხელისუფლების დავალებით სცადა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა. მათ დაარღვიეს კონსტიტუციის 25-ე მუხლი, რომლითაც გარანტირებულია შეკრების თავისუფლება. ასევე დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი, რომლითაც უზრუნველყოფილია შეკრებებისა და გაერთიანების თავისუფლება. ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლას და სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კანონი ხართ თქვენ, ასე არ იქნება ამ ქვეყანაში. კანონი არის კანონი, რომელსაც უნდა ასრულებდეთ თქვენ, თითოეული პოლიციელი. მოვისმინეთ შს მინისტრის განცხადება, რომელიც აბსურდულ საკითხებზე საუბრობს, დესტაბილიზაციაზე. ვინ აწყობს დესტაბილიზაციას, შვილმოკლული მამები, თუ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. არ გაგივათ ეს ყველაფერი. ეს არის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც თქვენ ჩადიხართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ შსს-ს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია დესტაბილიზაციის შესახებ.