გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრი როცა გავხდები, სააკაშვილსაც ექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდეს და აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს 
გიორგი ვაშაძე - პრემიერ-მინისტრი როცა გავხდები, სააკაშვილსაც ექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდეს და აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა მიიღოს 

ვფიქრობ, მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა კოალიციური მთავრობის ფორმირების დროს. ისევე როგორც სხვა პროდასავლური ძალების მხარდაჭერა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, საქართველოს  სჭირდება ახალი თაობის პოლიტიკოსები, ახალი თაობის ადამიანები, რომლებიც ქვეყანას გაუძღვებიან.

ვაშაძის თქმითვე, ოქტომბერში საზოგადოებამ არჩევანი „დამსხვრეულ ოცნებებსა და აღმშენებლობას“ შორის უნდა გააკეთოს.

„ყველა პოლიტიკურ ძალას აქვს საკუთარი საარჩევნო სტრატეგია. ჩვენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ვართ მომავლის გუნდი. ვფიქრობთ მომავალზე და არ ვართ წარსულში ჩაციკლულები. ვაპირებ, გავხდე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმისათვის, რომ დავამარცხო სიღარიბე, გავაძლიეროთ ქართული ეკონომიკა, შევქმნათ სამუშაო ადგილები, დავამარცხოთ კრიმინალი ქვეყანაში და დავიწყოთ აღმშენებლობის პროცესი. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პოლიტიკოსები, ახალი თაობის ადამიანები, რომლებიც გაუძღვებიან ქვეყანას. ვფიქრობ, მთავარი არჩევანია გასაკეთებელი დამსხვრეულ ოცნებებსა და აღმშენებლობას შორის.  ვფიქრობ მექნება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა კოალიციური მთავრობის ფორმირების დროს. ისევე როგორც სხვა პროდასავლური ძალების მხარდაჭერა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, თუკი ქვეყნის პერემიერ-მინისტრი გახდება, სააკაშვილს ქვეყანაში ჩამოსვლისა და აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.

„სააკაშვილს აქვს თუ არა არჩევნებში მონაწილეობის უფლება? ამ სამართლებრივ დეტალებზე თვითონ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთოს კომენტარი. ნამდვილად არ ვაპირებ ამაში შესვლას, ბევრი ექსპერტია, ბევრი იურისტია და მათ იმსჯელონ.  როცა გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, დავამთავრებთ ანგარიშსწორებას და რევანშს ამ ქვეყანაში, სააკაშვილსაც ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, ყველამ შეიტანოს თავისი წვლილი. აი, ეს არის ჩემი როგორც გამაერთიანებელი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მთავარი ფუნქცია. არ ვაპირებთ რევანშს არც დამსხვრეული ოცნებების პარტიის წარმომადგენლებზე. ერთადერთი უცხოელი მოსამართლეების შემადგენლობით როცა გვექნება სასამართლო, მოპარული ფული უნდა დააბრუნონ უკან ბიუჯეტში“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.