გიორგი ვაშაძე – რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში? ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს, თურმე ჩვენი ისტორია „პიარია“, გმირები – „უაზროდ გაწირულები“, ეს არის ეროვნული ღალატი

12:15, 12.04.2025

რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში? ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.

ვაშაძე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, სადაც, მან აღნიშნა: „რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე, ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. და ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.

ვაშაძის თქმით, „თეა წულუკიანმა შეურაცხყო ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი“.

„რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში? ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ და არა საქართველოს. თუ ანწუხელიძე „უაზროდ იყო გაწირულია“, მაშინ გმირობა რას ნიშნავს? სამშობლო რას ნიშნავს? თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?! ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი.

თეა წულუკიანმა შეურაცხყო ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია, თურმე „პიარია“, გმირები კი – „უაზროდ გაწირულები?!“ ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის ეროვნული ღალატი. ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის. არავის მივცემთ უფლებას, შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები“, – აღნიშნავს ვაშაძე.

მსგავსი