გიორგი ვაშაძე - ქუთაისში ყველა ტერიტორიაზე, რომელიც დღეს პირუტყვით არის დაკავებული, იქნება ქარხნები, საწარმოები, დასაქმდება ხალხი, ცოტა დაგვრჩა და დიდი გამარჯვების გოლს გავიტანთ
გიორგი ვაშაძე - ქუთაისში ყველა ტერიტორიაზე, რომელიც დღეს პირუტყვით არის დაკავებული, იქნება ქარხნები, საწარმოები, დასაქმდება ხალხი, ცოტა დაგვრჩა და დიდი გამარჯვების გოლს გავიტანთ

„გამარჯვების პლატფორმის“ კამპანიის ფარგლებში ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან გამართული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და გამარჯვების შემთხვევაში განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

„ვისაუბრებ ქუთაისზე, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ აქ გამარჯვებისთანავე. ქუთაისი გახდება საპარლამენტო დედაქალაქი და საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში; ქუთაისი იქნება მთელი რეგიონის მთავარი საჰაერო ჰაბი არა მხოლოდ მგზავრების, არამედ სატვირთვო გადაზიდვებისთვის და ამას აუცილებლად თქვენთან ერთად გავაკეთებთ; ქუთაისს ექნება სწრაფი მატარებელი, რითაც დაუკავშირდება თბილისს, ბათუმს და რეგიონის მასშტაბით გავა სწრაფი მატარებელი; ქუთაისი იქნება ტექნოლოგიური ჰაბი, ნამდვილ ტექნოლოგიურ ჰაბს გავაკეთებთ, რომ ახალგაზრდები აქ დასაქმდნენ და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ; ქუთაისს ექნება თანამედროვე დიდი საწარმოო-ინდუსტრიული პარკი და ყველა ტერიტორიაზე, რომელიც დღეს პირუტყვით არის დაკავებული, იქნება ქარხნები, საწარმოები, დასაქმდება ხალხი და ამ ქალაქში იქნება დიდი განვითარება, აღმშენებლობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა:

„თქვენ ხართ ის ფუნდამენტი, რომელზეც დიდი „გამარჯვების პლატფორმა“ უნდა ავაგოთ. თქვენ ხართ მთავარი ეროვნული ძალის ღერძი და მინდა, მადლობა გითხრათ, რომ ამდენი ხანია, ასე მყარად დგახართ. მე ხომ ვიცი, სოფლებში, ქალაქებში, რაიონებში რამდენს გებრძვიან, რამდენი ვიღაც მოდის, ვიღაცას სურს, რომ დაგაშანტაჟოთ. რამდენჯერ მოსულან თქვენთან, ხან რაღაც გითხრეს, რაღაცას შეგპირდნენ, ხან დაგაშინეს, მაგრამ მყარად დგახართ. ცოტა დაგვრჩა და აუცილებლად დიდი გამარჯვების გოლს გავიტანთ. ამის პირობას ვდებთ თქვენ წინაშე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.