გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცედურებს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოიკოტს უცხადებენ ევროპულ მისწრაფებებს
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პროცედურებს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოიკოტს უცხადებენ ევროპულ მისწრაფებებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, რიგგარეშე სესიის ჩატარებაზე უარის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ ბოიკოტს უცხადებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ვაშაძის თქმით, ოპოზიცია გააგრძელებს ერთიანად მოქმედებას, რათა ევროკავშირის ყველა რეკომენდაციაზე იმუშაონ.

„ქართული ოცნების“ სრულ ლუსტრაციას პირდაპირ ეთერში ხედავთ. ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობით შევთავაზეთ კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული რიგგარეშე სესიის, კომიტეტის და პლენარული სხდომების ჩატარება ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად. ისინი კი ხელს უწყობენ დესტრუქციას. ბოიკოტი გამოუცხადეს პლენარულ სხდომებს, ბოიკოტს უცხადებენ რიგგარეშე სესიას, ბოიკოტს უცხადებენ კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს. დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ეს ადამიანები, პარლამენტში ჯერ კიდევ უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“, წარმოიდგინეთ, რა მძიმე დღეშია, რომ სასესიო სხდომაზე მიდის ოპოზიცია და უმრავლესობის წარმომადგენლები მიედ-მოედებიან, რაღაც არგუმენტებს იშველიებენ. მათთვის სამუშაო პროცესი არის ის რაღაც „კვაზი“ კომისიები, რაც რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის. მათთვის უსაქმურობაა პლენარული სხდომები და საკომიტეტო მოსმენები. ეს არის თავიდან ბილომდე მათი ლუსტრაცია. ოპოზიცია ასე ერთიანად მოქმედებას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ მოხდეს ყველა რეკომენდაციაზე მუშაობა. დღეს „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოხდა როგორც მთელი საქართველოს, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ, ამაზე პასუხს მიიღებენ. ასეთი დეგრადაცია, რაც ახლა ხდება, მიუთითებს, ვისთან გვაქვს საქმე.

ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი ადამიანთა ერთობლიობა და დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. როგორც ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი დაუმარცვლეს ევროპელმა პარტნიორებმა, თუ საჭირო გახდა, ასე დაუმარცვლავენ და საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია დღეს, ახლა და არა ოდესღაც. რა საცოდაობაა, რომ უმრავლესობა სხდომათა დარბაზში ვერ შედის. ჩვენ სასესიო დარბაზში ავალთ, როგორც ამას კანონი და კონსტიტუცია გვავალდებულებს და თქვენ დაინახავთ, როგორ გამოუცხადებს ბოიკოტს და როგორ წავა შატალოზე „ქართული ოცნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, თუმცა პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები ოპოზიციის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.