გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მალულად ჩადიან ამერიკაში, ჯუანშერ ბურჭულაძის ლოიდ ოსტინთან ვიზიტის შესახებ საქართველოში არავინ ვიცოდით
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მალულად ჩადიან ამერიკაში, ჯუანშერ ბურჭულაძის ლოიდ ოსტინთან ვიზიტის შესახებ საქართველოში არავინ ვიცოდით

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მალულად ჩადიან ამერიკაში. ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტის შესახებ საქართველოში არავინ ვიცოდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომელიც პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრას გამოეხმაურა.

ვაშაძის თქმით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკაში იმისთვის ჩადის, რომ საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მოაჩვენოს, თითქოს ამ მიმართულებით რამეს აკეთებს.

„ამერიკის თავდაცვის მინისტრის განცხადებას მივესალმები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, ასევე, ჩვენ მიერ არაერთხელ ნათქვამ სიმართლეს, რომ ამერიკელები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის, მათ შორის თანამედროვე შეიარაღების მოწოდებით, რომელიც რუსეთს სურვილს გაუქარწყლებს, რაიმე სახის აგრესია განახორციელოს.

სამწუხაროდ, ამას „ქართული ოცნება“ არ აკეთებს. მეტიც – მალულად, ფარულად და ჩუმად ჩადიან ამერიკაში. ამ ვიზიტის შესახებ ვინმემ ვიცოდით? საქართველოში არავინ ვიცოდით, რომ დისკუსია არ ყოფილიყო იმაზე, რა საკითხები უნდა დაეყენებინა ქართულ მხარეს ამ შეხვედრაზე.

ამერიკის მხრიდან მზადყოფნა სრულფასოვანია, რომ საქართველოს ყველანაირი მხარდაჭერა აღმოუჩინოს. თუმცა, ჩვენ თუ არ ვიქნებით ინიციატორები და ამ საკითხებს არ დავაყენებთ, ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის. რატომ მალავდა ამ ვიზიტს? ნებისმიერი ვიზიტისას, როცა ოფიციალურად მიდის, საზოგადოებას უნდა აცნობოს, რისთვის მიდის და რა კონკრეტული მიზანი აქვს, საქართველოსთვის რა შედეგებს დააყენებს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება არ იყოს, რა მიზნით გაემგზავრა ამერიკაში და საუბარი არ იყოს იმაზე, რა მოთხოვნები უნდა დააყენოს. მოთხოვნა უნდა დააყენოს თანამედროვე შეიარაღებაზე. 33 მილიონი კარგია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, არა 33 მილიონი, არამედ 300 მილიონიც კი მივიღოთ, რათა ჩვენი თავდაცვა გაიზარდოს. საკითხი თუ არ დააყენე, რომ ის თანამედროვე შეიარაღება, რაც უკრაინაში შედის, შენც გჭირდება, მაშინ ამას არავინ მოგცემს. არცერთ განცხადებაში არ გვინახავს, რომ რაიმე საკითხი დამატებით დააყენა. საქართველოს სწორი პოზიცია რომ აერჩია, დღეს უკვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ის თანამედროვე შეიარაღება გვექნებოდა, რომელიც განამტკიცებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და რუსეთის მხრიდან საფრთხე მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ამას „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად არ აკეთებს, რომელსაც საკუთარი ბედი დაკავშირებული აქვს რუსეთის გამარჯვებასთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკაში ჩადის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტს, რომელიც მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას, მოაჩვენოს, თითქოს რაიმეს აკეთებს ამ მიმართულებით. ისინი მხოლოდ ამიტომ ჩადიან არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ ბრიუსელსა და სხვა ქვეყნებში. ჩადიან, რათა ფოტოები გადაიღონ და საქართველოს მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ. 33 მილიონი მიხარია, მაგრამ საქართველო 300 მილიონს და მეტს მიიღებდა თავდაცვისუნარიანობის ზრდისთვის. „ქართულ ოცნებას“ უნდა, საზოგადოებას რუსული ტანკი საფრთხობელად მოაჩვენოს. გაცილებით ნაკლებად საშიშია, როცა ძლიერი თავდაცვის სისტემა გაქვს. მითხარით, ქართულმა მხარემ სად დააყენა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდების საკითხი? მეტიც – გაგახსენებთ, ფრანგულ მხარეს პირდაპირ უთხრეს უარი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მოწოდებაზე, რომელიც საქართველოს ძალიან სჭირდება, რათა რუსეთი საქართველოში ვერ შემოვიდეს და ვერანაირი აგრესია ვერ განახორციელოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

როგორც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, საქართველო შეძლებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. მისივე თქმით, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.