გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ვერანაირი შიდა საკადრო გადაადგილებები, ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გადადგა მთავრობა, რაც ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მიუთითებს.

„გადადგა პრემიერ-მინისტრი, რომელიც პრესსპიკერის როლსაც ვერ ასრულებდა. გადადგა მთავრობა. ეს მიუთითებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოშორების პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, რასაც რა თქმა უნდა, გახარიასა და ღარიბაშვილის ახალ პოზიციებზე წარდგენა ვერ შეაჩერებს.​ამ ადამიანებზე აქცენტის გაკეთება მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილს უკეთესი სვლა არ გააჩნია. მათზე პოლიტიკური ფსონის დადებით, პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა თავისუფლებისთვის მებრძოლ, ღირსეულ ადამიანებს. ​დავსვათ კითხვა, რა დამსახურების გამო შეიძლება გახდეს პრემიერ-მინისტრი ადამიანი, რომელმაც თვალები დათხარა მშვიდობიან აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ან რა პრინციპით უნდა გახდეს ხელახლა მთავრობის წევრი ადამიანი, რომელიც გამორჩეულია სიძულვილის ენით და თავად „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ იყო დადანაშაულებული კახური, კორუფციული კარტერის შექმნაში.

მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ჩამოშორების პროცესი შეუქცევადია და მას ვერანაირი შიდა საკადრო გადაადგილებები, ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის თამაშები ვერ შეაჩერებს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გავხადოთ ქვეყანა წარმატებული და როგორ ჩამოვაშოროთ ივანიშვილის ხელისუფლება ისე, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა ვაშაძემ.