გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ როცა ცდილობს, გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა
გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ როცა ცდილობს, გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ, თინა ბოკუჩავამ, სერგო ჩიხლაძემ და ალექსანდრე კრევო-ასათიანმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრა გამართეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, მათ კონგრესმენებამდე ქართველი ხალხის გზავნილები მიიტანეს და აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული კურსის კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერის პირობაც მიიღეს.

კონგრესმენებთან საუბრისას განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და შავი ზღვის მხარდამჭერი აქტი, რაც საქართველოში ბევრ ამერიკულ ინვესტიციას გულისხმობს.

„აშშ ჩვენ გვერდითაა, ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდითაა. „ქართული ოცნების“ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის მიუხედავად, ნამდვილად არ მიგვატოვებს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ამერიკა. და რატომ ვართ ჩვენ აქ? როცა „ქართული ოცნება“ ცდილობს, გადაგვკიდოს ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის გზავნილები ჩამოვიტანოთ და პირიქით, გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა. სამი კონკრეტული საკითხია, რასაც ვიხილავთ: პირველი ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება; მეორე – სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, სასწავლო ვიზების გამარტივებაზე მსჯელობისა და დისკუსიის დაწყება; მესამე – ეს არის შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი – ანუ ბევრი ინვესტიცია საქართველოში, რაც გვჭირდება, რათა ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. მერწმუნეთ, როგორც კი შემოვატრიალებთ საქართველოს, „ქართული ოცნების“ გარეშე, ამერიკისა და დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ყველა ეს სიკეთე ძალიან სწრაფად მოვა ჩვენამდე. დღეს რომ ჩვენ პატრიოტი ხელისუფლება გვყავდეს, პირდაპირ გეუბნებით, სამივე ეს საკითხი იქნებოდა მოგვარებული. რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე აშშ-ის მხარდაჭერა და ამაზე გვაქვს ძალიან დეტალური საუბარი ყველა სტრუქტურასთან, სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, სხვადასხვა სინქტანკებში და დარწმუნებული ვართ, რომ ამასაც მივაღწევთ. ამერიკა ჩვენ გვერდით არის, ჩვენ აუცილებლად საბოლოო გამარჯვებას, ძლიერ, ერთიან საქართველოსთან ერთად, მივაღწევთ, როგორც კი რუსეთისკენ მიმავალი რეჟიმისგან გავთავისუფლდებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.