გიორგი ვაშაძე - პრობლემა არ მაქვს, პოლიტპატიმარი ეწერება თუ არა, მთავრია, ორი ადამიანი გათავისუფლდეს და შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების საკითხზე
გიორგი ვაშაძე - პრობლემა არ მაქვს, პოლიტპატიმარი ეწერება თუ არა, მთავრია, ორი ადამიანი გათავისუფლდეს და შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების საკითხზე

მთავარი რაზეც შევთანხმდით, არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული, ანუ ეს რას ნიშნავს, რომ  ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შეთანხმება, – ამი შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ვროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკების პროცესი ხვალაც გაგრძელდება. ვაშაძე იმედოვნებს, რომ ამ კვირაში დოკუმენტში ასახული პუნქტების გავლით შეთანხმება შედგება.

„მეორე დღეს გვქონდა საკმაოდ რთული სამუშაო, ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. მარტივად არ მიდის პროცესი, ხვალ ვაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს. იმედი მაქვს, ამ კვირაში, ამ ექვსპუნქტიანი გეგმის ხუთ საკითხზე შევთანხმდებით. არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული. ამ საკითხების გარეშე შეთანხმება არ იქნება, ანუ ყველა ამ საკითხზე უნდა შევთანხმდეთ, მათ შორის უნდა შევთანხმდეთ პოლიტპატიმრების საკითხზე, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხზე, საარჩევნო, სასამართლო რეფორმაზე, ძალაუფლების განაწილებაზეც. ყველა ამ საკითხზე უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში კონკრეტული ტექსტი, კონკრეტული გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვებას, ამასთან დაკავშირებით ვაშაძე ამბობს, რომ ნათელაშვილის შეხვედრიდან წასვლის მიზეზი ზუსტად ვერ გაიგო.

„პატივს ვცემ ბატონ შალვას. ზუსტად ვერ გავიგე მისი მიზეზი, მან დატოვა, ჩვენ ვიმუშავეთ და ხვალაც გავაგრძელებთ მუშაობას. ყველა ეს პუნქტი გულისხმობს, რომ აუცილებლად იქნება პოლიტპატიმრების თემაც. „ქართული ოცნება“ მათ პოლიტპატიმრებს არ ეძახის. კი ბატონო, არა მაქვს პრობლემა, პოლიტ ეწერება თუ არა. მთავარია, ამ ორ ადამიანს ეხებოდეს. მეორე, აუცილებლად იქნება რიგგარეშე არჩევნების თემა. ასევე იქნება სხვა პუნქტი, არც ერთი პუნქტი არ წაიშლება. ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით იქნება გადაწყვეტა, მეექვსე პუნქტი არის პროცედურები. რა თქმა უნდა, „ქართულმა ოცნებამაც“ იცის, რომ ეს შინაარსი იქნება. რა იქნება შიგნით ჩაწერილი, ამას ვერ გეუბნებით და ამას ნახავთ. ეს არის მედიატორების დოკუმენტი, ეს არ არის არც ჩვენი, არც „ქართული ოცნების„ დოკუმენტი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.