გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, სალომე ზურაბიშვილს მართებს, კონკრეტულ კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს
გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს, სალომე ზურაბიშვილს მართებს, კონკრეტულ კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს

ის, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, არ არის მხოლოდ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, ეს არის სრულიად ცივილიზებული სამყაროს პოზიცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, სიკორსკიმ ზურაბიშვილს მოუწოდა, წვლილი შეიტანოს სააკაშვილის გათავისუფლებაში.

„პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იჯდეს. ორჯერ ორი ოთხია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს მართებს, ამ კონკრეტულ კითხვას კონკრეტული გადაწყვეტილებებით უპასუხოს. იმედი მაქვს, რომ მოვა დრო და ეს გადაწყვეტილებებიც იქნება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ კოალიციურ მმართველობასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი არის ხალხის ხელში.

„როგორც ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნება. ერთი რამ მთავარია და კონსენსუსია, რომ მატყუარა ივანიშვილის პარტია, რომელიც ტყუილებს იგონებს, უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან. ხელისუფლება, რომელიც მიუნხენში არ მიდის, რომ ჩვენი ინტერესები დაიცვას და იცავს მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს. ეს არის მთავარი საკითხი. ჩვენ გვინდა ძლიერი ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებული საქართველო, სადაც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის“, – განაცხადა ვაშაძემ.