გიორგი ვაშაძე - პარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს ამნისტიის კანონს, რის შემდეგაც მელია დატოვებს საპატიმროს, დღეის მდგომარეობით, მისი გათავისუფლების სხვა გზა აღარ არსებობს
გიორგი ვაშაძე - პარლამენტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს ამნისტიის კანონს, რის შემდეგაც მელია დატოვებს საპატიმროს, დღეის მდგომარეობით, მისი გათავისუფლების სხვა გზა აღარ არსებობს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან მუშაობს ამნისტიის კანონის პროექტზე, რომელიც ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებით გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს.

„გუშინდელი დღე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი მადლობა პერსონალურად შარლ მიშელს იმისთვის, რაც გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინდელ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა პრეზიდენტის სასახლეში, დაზუსტდა იმპლემენტაციის ყველა დეტალი, რაზეც საზოგადოებაში იყო კითხვები. ჩემი აზრით, ეს იყო მნიშვნელოვანი, რათა ყველა საკითხზე პასუხი გაგვეცა. ახლა ჩვენ, ასე ვთქვათ, საპარლამენტო ჯგუფი ოპოზიციის მხრიდან ვამუშავებთ ამნისტიის კანონის პროექტს, რომელიც, ხაზს ვუსვამ, ვრცელდება მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელიც ამჟამად არის გამოძიებაში. სპეკულაციები. ვიღაცაზე მომავალში გავრცელდება, ერთხელ და სამუდამოდ დახურულია. გავრცელდება მხოლოდ იმ მუხლებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის პასუხისგებაში ახლა არიან მიცემულები“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის განმარტებით, კანონპროექტი პარლამენტში სამშაბათს ერთობლივად უნდა დარეგისტრირდეს.

„იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ დაადასტურებს და ხელს მოაწერს ამ ინიციატივას. ჩვენ ამისთვის გუშინ ვთქვით სრული თანხმობა, როგორც კი სამშაბათს მოხდება ამ პროცესის  რეალიზება, ქალბატონმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის მყისიერსდ გამოიყენებს შეწყალების პროცედურას და გიორგი რურუა დატოვებს საპატიმროს სამშაბათს. ამის შემდეგ, რეგლამენტით შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში პარლამენტი მიიღებს ამნისტიის კანონს, რის შემდეგაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. ვწუხვარ, რომ მხოლოდ ეს გზა არის მისი გათავისუფლების, დღეის მდგომარეობით, სხვა გზა აღარ არსებობს.

აქვე, მინდა, გულწრფელად სრული თანადგომა გამოვუცხადო მაკო გომურს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 20 ივნისს დაზარალდა. გულწრფელად, თითოეულ თქვენგანს გითხრათ, ბოლომდე თქვენს გვერდით ვიდგებით და აუცილებლად ამ საქმესთან დაკავშირებითაც მივიყვანთ ბოლომდე, შევეცდებით, სრულად იყოს გათვალისწინებული თქვენი ინტერესები. მინდა, მივმართო საზოგადოებას, შეთანხმებას, რომელიც ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მოდი, ვთქვათ, იძულებით გამოვიდა, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ, მთავარი აქცენტი უნდა გადავიტანოთ ამ შეთანხმების სწრაფ იმპლიმენტაციაზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძის თქმით, არასწორად მიაჩნია, რომ არ იქნა გამოყენებული ევროკავშირისგან შემოთავაზებული გზა გირაოს გადახდასთან დაკავშირებით.

„მე ვპასუხობ ციხეში მყოფი ადამიანის საჯაროდ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, სულ რამდენიმე დღეში თქვენ თვითონ ნახავთ, ეს არის სწორი პოზიცია. ჩვენი პოზიციით და გადაწყვეტილებით, ნიკა მელია იქნება გათავისუფლებული, ის გამოვა საპატიმროდან, შემოვა პარლამენტში და გააგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას. ყველა სპეკულაცია, ვიღაცამ რაღაცა მიწერა, ჩემთვის არის მიუღებელი. ჩვენ გავაკეთეთ შეთანხმება, რომელიც მარტო ნიკა მელიას კი არ ეხება, ეხება გიორგი რურუას, ეხება პოლიტპატიმრების აღიარებას საქართველოში, ეხება საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმას, რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას. შესაბამისად, დოკუმენტი არის ფართო, ძალიან გთხოვთ, ნუ შევეცდებით ამ შეთანხმების დავიწროებას. რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციებს, მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ისიც გათავისუფლდება, პარლამენტშიც შემოვა.

გულწრფელად გეტყვით, არასწორად მიმაჩნია,  რომ არ იქნა გამოყენებული ეს მექანიზმი, ევროკავშირისგან შემოთავაზებული გზა გირაოს გადახდასთან დაკავშირებით. ეს იქნებოდა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, თავისი კონკრეტული ევროპელი გადასახედების გადამხდელების ფულით დასტური იმის, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, სამწუხაროდ ეს არ მოხდა. მე მესმის, საპატიმროშია ადამიანი და გულწრფელად მინდა, სწრაფად იყოს თავისუფალი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.