გიორგი ვაშაძე - ოპოზიცია მზადაა მეხუთე რაუნდისთვის, ჩვენ გახსნილი ვართ
ოპოზიცია მზადაა მეხუთე რაუნდისთვის, ჩვენ გახსნილი ვართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
„ახლა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაწყვიტოს, პარლამენტში მარტო უნდა იყოს და 100-მანდატიანი საკონსტიტუციო სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილოს, თუ შეთანხმება მოხდეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არ არის დამაკმაყოფილებელი ოპოზიციისთვის ის ცვლილებები, რომლის გატარებაზე „ქართულმა ოცნებამ“ თანხმობა განაცხადა, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ეს დამაკმაყოფილებელი არ არის.
„მეორე, თუნდაც დოკუმენტი, რომელიც მეოთხე რაუნდის დროს ჩვენ შევადგინეთ, ამ დოკუმენტთან მიმართებაში გაუარესებულია. არ ვიცი, შეამჩნია თუ არა ეს პარტია „მოქალაქეებმა“, მაგრამ გაუარესებულია. მაგალითად, ცესკო-ში თურმე, პოლიტიკური წარმომადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ დამსწრეს სტატუსით უნდა იყოს. ანუ, დამკვირვებელი უნდა იყოს და კომისიის წევრის და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებაო. ეს კიდევ უარეს ვითარებას ქმნის, ვიდრე ცესკო-ში ახლა იყო. მე, მაგალითად, იმდენად ვიცი მართვის სისტემები, რომ კობახიძე ვერ გამომაპარებს იმას, რაც დოკუმენტში ჩაწერა“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ამ დოკუმენტს ასევე აკლია რიგგარეშე არჩევნების საკითხი, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება და ამის გარეშე შეთანხმება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოხდება.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რის საფუძველზე ითხოვს ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს იმ პირობებში, როცა საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები საერთო ჯამში, დადებითად შეაფასეს, NDI-ის კვლევის მიხედვით კი გამოკითხულთა უმრავლესობამ არჩევნებზე დამაშინებელი გარემო ვერ დაინახა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ISFED-ის დღევანდელი განცხადებიდან ბევრი რამ შეიცვლება და არა მარტო ამ განცხადებიდან გამომდინარე.
„იმიტომ, რომ საარჩევნო კაზუისტიკიდან ახლა ყველაფერი პოლიტიკურ დღის წესრიგში გადადის. ანუ, საქართველოში დემოკრატიული სისტემა არსებობს, წეს-წყობილება დემოკრატიულია თუ არა. თუ პარლამენტი ერთფრაქციულია და საზოგადოების ნებას არ წარმოადგენს, ის დემოკრატიის რამე სტანდარტის დაკმაყოფილების მექანიზმად ვერ ჩაითვლება. ახლა, სამშაბათს 48% აპირებს, მოსახლეობის 52%-ს მანდატები შეუწყვიტოს, სულ რომ სხვაზე არ წავიდეთ, მათივე გაყალბებული შედეგებით. ეს ლეგიტიმაციის პირველი დიდი, ფუნდამენტური პრობლემაა, რაც ექნებათ და დამერწმუნეთ, განწყობები და რეალობა საერთაშორისო ასპარეზზეც უფრო და უფრო შეიცვლება“, – განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ თუ მანდატების შეწყვეტა მოხდა, ეს შეიძლება, კარგიც იყოს, რადგან მოხდება სრულიად ახალ პროცესში გადაბიჯება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ 2 თებერვალს, თუ კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში წარიმართება, საკმარისი 76 ხმა ვერ მოგროვდეს, ვაშაძემ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად ის ორივე სცენარისთვის მზადაა.
შეკითხვაზე, რა იქნება შემდეგი გეგმა, როგორ აპირებს ოპოზიცია მიზნების მიღწევას და იქნება თუ არა ეს ქუჩის აქციები, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ საჯაროდ ყველა გეგმაზე საუბარი არასწორია, რადგან არ აპირებს, ოპონენტებს გეგმები გაუმხილოს.
„ცუდს არ ვაპირებთ. ვაპირებთ ძალიან სერიოზული კამპანიების წარმოებას სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე, რაც ხალხს აწუხებს. მაგალითად, შეზღუდვები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.