გიორგი ვაშაძე - ნიკა მელია იქნება თავისუფალი, დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ
გიორგი ვაშაძე - ნიკა მელია იქნება თავისუფალი, დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ

ნიკა მელია იქნება თავისუფალი, დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობა ევროპას, მადლობა შარლ მიშელს, მადლობა შეთანხმებას, მადლობა ყველა ხელმომწერს, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, რომ დავასრულებთ კინკლაობას ამ საკითხთან დაკავშირებით, ცუდი იყო, თუ კარგი იყო. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი. რამდენიმე საათში ალბათ უკვე, ძალიან ცოტა დრო დარჩა, ნიკა მელია იქნება თავისუფალი და ეს არის კიდევ ერთი მონაპოვარი შარლ მიშელის ევროპული შეთანხმების. მადლობა ყველა მონაწილე მხარეს და დავიმშვიდოთ ახლა ნერვები, წინ დიდი გამარჯვებისკენ“,- განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. როდის გაიმართება სასამართლო პროცესი, ხვალ გახდება ცნობილი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

ნიკა მელიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.