გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირადად მე დამიყენა ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, იქ დამთავრდა ჩვენი თანამშრომლობა, მორჩა და გათავდა
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირადად მე დამიყენა ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, იქ დამთავრდა ჩვენი თანამშრომლობა, მორჩა და გათავდა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირადად მე დამიყენა ისნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი და იქ დამთავრდა ჩვენი თანამშრომლობა, მორჩა და გათავდა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ჩვენ მათთან არანაირ განსაკუთრებულ კოორდინაციაში არ ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამ განცხადებით გიორგი ვაშაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ გაემიჯნა „სტრატეგია აღმაშენებელი“ გიგი უგულავას წინადადებას, მცირე პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ „ქოლგის ქვეშ“ გაერთიანების შესახებ და არის თუ არა გამიჯვნის მიზეზი ის, რომ ყველაზე მსხვილ პოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობამ „სტრატეგია აღმაშენებელს“ თავის დროზე შედეგი ვერ მოუტანა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არის მიუღებელი „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ეს იდეა, რომ ყველაზე მსხვილი პოზიციური პარტიის „ქოლგის ქვეშ“ გაერთიანდეს, იდენტობა დაკარგოს, მაგრამ საკუთარი დღის წესრიგი წარმოაჩინოს, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მართალია, გიგი უგულავას ინიციატივას არ ეთანხმება, მაგრამ უგულავას ასეთი რამ არ უთქვამს.

„არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მან თქვა, „ნაცმოძრაობის“ გარშემო ვინც არის, „ნაცმოძრაობის“ გარშემო დაჯგუფდეს და სხვებისგან კიდევ ცალკე მიზიდულობის ცენტრი შეიქმნასო. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არც ამ დისკუსიაში არ მივყვები; გამოვრიცხავ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად რამე წინასაარჩევნოში დაჯგუფდეს. იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, საზოგადოებას ვაჩვენოთ თანმიმდევრული პოლიტიკა და არა არათანმიმდევრული. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ 2%-იანი ბარიერი უნდა მივიღოთ და სრულად პროპორციული სისტემა, რომლითაც შემდგომი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თუ, არ გამოვრიცხავ, რიგგარეშე არჩევნები, ეს ხალხის ნებაზეა დამოკიდებული და ამას ვერავინ გააჩერებს, თუ ასეთი არჩევნები ჩატარდა. სწორედ ამიტომ არის ეს 2%-იანი ბარიერი და სრულად პროპორციული სისტემა, რომ აღარ იყოს საჭირო ხელოვნური კოალიციები და გაერთიანებები“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელს“ სურს, მოხსნას სტერეოტიპი, რომ ოპოზიციამ არ შეიძლება, სახელისუფლებო პარტიასთან რამეზე ილაპარაკოს და ასევე სურს, „ქართულმა ოცნებამ“ მოიხსნას სტრეოტიპი, რომ ყველა ინიციატივა, რაც ოპოზიციას აქვს, ცუდია.

„რა არის ცუდი იმაში, რომ პენსიონერს ჰქონდეს საბანკო მომსახურების არჩევის თავისუფლება, ან რა არის ცუდი იმაში, რომ ჩვენ ტექნოლოგიური ჰაბი შევქმნათ ამ ქვეყანაში, ათი ათასობით სამუშაო ადგილი შევქმნათ და მილიარდები მოვიზიდოთ?! მსოფლიოში პირველი კრიპტო კოდექსი გავაკეთოთ, მეგობრებო და ეს მილიარდების რესურსია ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ამომრჩევლებს მიმართა, ყველა პოლიტიკური ძალა ერთ ქვაბში არ მოხარშონ.

„ერთი თხოვნა მაქვს ყველა ამომრჩეველთან – ნუ გვხარშავთ ყველას ერთად ქვაბში, მოგვისმინეთ, ძალიან გთხოვთ, მოგვისმინეთ და გვენდეთ, გვანდეთ თქვენი მხარდაჭერა, თქვენი დამოკიდებულება, რომ ჩვენც მოგეხმაროთ; იქ პენსიონრებს მივეხმაროთ, ახალგაზრდებს მივეხმაროთ, ემიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს და ა.შ“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეკითხვაზე, შედის თუ არა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმებში საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებასთან ერთად, ხელისუფლებაზე ზეწოლა მათ შორის, აქციების გზითაც, თუ უკვე მოიხსნა რიგგარეშე არჩევნების თემა პარტიის დღის წესრიგიდან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ როცა საჭირო იქნება, აქციაც უნდა გაკეთდეს.

„უკაცრავად, მაგრამ როცა საჭირო იქნება, აქციაც უნდა გააკეთო. აბა, ახლა, რანაირად შეიძლება, განვაცხადო, რომ მე აქციას არასდროს არ გავაკეთებ?! როცა საჭიროდ ჩავთვლით, აქციასაც გავაანონსებთ; როცა საჭირო ჩავთვლით, რომ მეტი სხვა მექანიზმები გვქონდეს ზეწოლის, წნეხის და ბერკეტის, ამასაც გავაკეთებთ. ასე რომ, წინ არის ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.