გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
გიორგი ვაშაძე - მზად ვარ, შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

ჩემი არჩევის შემთხვევაში ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს.

„მე მზად ვარ, თქვენთან ერთად შევიდე ბრძოლაში, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს ძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველაზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს  და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში. მე მჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მადლობა აქ შეკრებისთვის, მადლობა მათ, ვინც ინტერნეტით გვიყურებს. მადლობა მხარდაჭერისთვის და იცოდეთ, არასდროს გაგიმტყუნებთ იმედს, რომელსაც ახლა ჩვენ თქვენს გულებში ვსახავთ. ბედნიერი ვარ, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ იმ დიდი ისტორიის, კულტურის მოზიარე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“, არის პროექტი, რომელიც ემიგრანტებს საქართველოში დააბრუნებს.

„გთავაზობთ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხუთ მთავარ დაპირებას, რომლის განხორციელებას დავიწყებთ არჩევნებში გამარჯვებისთანავე: დაპირება ნომერი 1 – ოთხ წელიწადში შეიქმნება 300 ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით. საქართველოში ოთხ წელიწადში ტურისტების რაოდენობას გავზრდით 22 მილიონამდე; დაპირება ნომერი 2 – 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება. საქართველოში ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს; დაპირება ნომერი 3 – ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36-დან 40 პროცენტამდე სესხის პროცენტი ჩამოეწერება სრულად; დაპირება ნომერი 4 – 2021 წლიდან საქართველში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30 პროცენტით; დაპირება ნომერი 5 – 2021 წლის პირველი იანვრიდან ყველა ბიზნეს, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გავათავისუფლებთ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“, – განაცხადა ვაშაძემ.