გიორგი ვაშაძე - მზად ვარ ნებისმიერი კომპრომისისთვის, მაგრამ არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას, რაღაცა კვოტებით საუბარს ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას
გიორგი ვაშაძე - მზად ვარ ნებისმიერი კომპრომისისთვის, მაგრამ არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას, რაღაცა კვოტებით საუბარს ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას

ჩემთვის მთავარი არის ერთიანობა, ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატში ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, – ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა შეიმუშავოს კონკრეტული მექანიზმი და მაჟორიტარულ ოლქებში წარადგინოს ადამიანები, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი ნდობა აქვთ.

„უნდა დავსხდეთ ყველანი ერთად, ჩამოვყალიბდეთ ამ მექანიზმზე და შევიმუშაოთ. დრო ამისთვის გვაქვს. ჩემთვის მთავარი არის ერთიანობა. ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატში. ექვსი მაჟორიტარული ოლქია გადასანაწილებელი, ჯამში რვა იყო, უნდა გადანაწილდეს ყველაზე ღირსეულზე. არანაირი კვოტები, ამას ამდენი ადგილი, იმას იმდენი ადგილი, მე ამის წინააღმდეგი ვარ, ეს არასწორია და ეს არის ხალხთან თამაში. რა მსურს, სხვას რა სურს და სხვა პარტიას, ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, ხალხს რა უნდა, ეს არის მნიშვნელოვანი. მზად ვარ ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას, ან რაღაცა კვოტებით საუბარს, ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას. ეს ჩემთვის წითელი ხაზი იყო და იქნება ყოველთვის. თუ არის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს სოციოლოგიური კვლევები ჩავატარებთ კვლევებს და იმით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ასე ირკვევა ყოველთვის ხალხის აზრი და არა რაღაც კულუარებში, ვინ ვისთან შეთანხმდა და რა კვოტა წაიღო“, – განაცხადა ვაშაძემ.