გიორგი ვაშაძე - მთელ საქართველოს უნდა მოვედოთ ის ხალხი, ვინც თავს მესამე ძალის ცენტრში წარმოიდგენს
გიორგი ვაშაძე - მთელ საქართველოს უნდა მოვედოთ ის ხალხი, ვინც თავს მესამე ძალის ცენტრში წარმოიდგენს

როცა ბრძოლაში მიდიხარ, რაღაც უპირატესობა უნდა გქონდეს და ჩვენი უპირატესობა არის ტემპი, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

„ჩვენ ახლა მაღალი ტემპი უნდა ავკრიფოთ და ვფიქრობ, ამისთვის ყველა რესურსი გვაქვს, იგივე მუშაობის პროცესში, იქნება ეს პარლამენტში, რეგიონებში თუ აბსოლუტურად ყველგან, მთელ საქართველოს უნდა მოვედოთ. ის ხალხი, ვინც თავს მესამე ძალის ცენტრში წარმოიდგენს, უნდა ვესაუბროთ ხალხს, დავანახოთ, რომ რეალური ალტერნატივა არის, ძლიერი გუნდი ვართ, ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღება შეგვიძლია, რაც ერთხელ უკვე ვაჩვენეთ, რომ დამოკიდებული არ ვართ სხვების გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დამოუკიდებელი ტიპაჟები და პოლიტიკოსები ვართ ქვეყანაში, მაგრამ ხალხთან ბევრი მუშაობა გვჭირდება. 9-წლიანი გაჭედილი დიქოტომიის დარღვევა ძალიან რთულია, რადგან ეს ვითარება უკვე ქვეცნობიერშია გადასული, მაგრამ უნდა შევეცადოთ და იმედი მაქვს, ამას მოვახერხებთ. მე მზად ვარ, ბოლომდე დავიხარჯო“, – განაცხადა ვაშაძემ.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მოიაზრებს ბრძოლას, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მზადაა, ესაუბროს ყველა პროდასავლურ ძალას, რომელიც არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ ორბიტაზე. 

„ამიტომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვესაუბრები მათ, ვინც შეთანხმებას მოაწერა ხელი. აქ ინდივიდუალური პირებიც ძალიან ძლიერები არიან და ასევე, პარტიებიც. ასევე ვფიქრობთ, რომ პარლამენტს გარეთაც უნდა ვესაუბროთ ძალიან ბევრს“, – განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის თქმით, როგორც კი არჩევნები სამართლიანად ჩატარდება და რეალური პოლიტიკური კონკურენცია იქნება, პოლიტიკური ძალები კონკურენციაზე გადავლენ, ვინ მეტს გააკეთებს ხალხისთვის.

„როგორც კი ეს გასწორდება, მერწმუნეთ, ყველა პოლიტიკური ძალა მიხვდება, რომ ერთადერთი გზა, რომ მხარდაჭერა გქონდეს, ეს არის ემსახურო ხალხს, გააკეთო მათთვის საჭირო საქმეები და მაშინ მოგვარდება ინვესტიციის საკითხიც, უმუშევრობაც და ყველაფერი. თუ ფუნდამენტი არ გასწორდა, ისე სახლს ვერ ავაშენებთ. ეს უნდა ვიცოდეთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რომელი მინისტრის დაბარებას აპირებს უახლოეს მომავალში „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მინისტრების დაბარება მისთვის თვითმიზანი არ არის.

„სამოქალაქო სექტორთან, საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ვაპირებ, ვიყო ინიციატივაზე ორიენტირებული. მაგალითად, ვაპირებ, ვიმუშაო იმაზე, თუ რატომ იხდის პენსიონერი 36%-იანი სესხის პროცენტს. ამისთვის ვაპირებ საკანონმდებლო ინიციატივას, რომ „ლიბერთი ბანკს“ მონოპოლია აღარ ჰქონდეს და ავტომატურად, ბაზარი დაწევს ამ სესხის პროცენტს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.