გიორგი ვაშაძე - მთავარი არ არის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან სხვა ნებისმიერ პარტიას, არამედ ის, რა უკეთესია გამარჯვებისთვის
გიორგი ვაშაძე - მთავარი არ არის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან სხვა ნებისმიერ პარტიას, არამედ ის, რა უკეთესია გამარჯვებისთვის

ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციურ პარტიებში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება გაასაღოს თანამდებობის დანაწილებად, ხოლო ამ პროცესში არსებული აზრთა სხვადასხვაობა, გაუგებრობად და ქაოსად, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე დღეა, ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე დისკუსიები მიმდინარეობს.

„სიმართლე გითხრათ, ხალხი დაიღალა ამაზე საუბრით. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციურ პარტიებში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება გაასაღოს თანამდებობის დანაწილებად ხოლო ამ პროცესში არსებული აზრთა სხვდადასხვაობა, გაუგებრობად და ქაოსად.

მინდა, ყველას ვუთხრა, ჩვენ არ ვინაწილებთ არანაირ თანამდებობებს, ამ საკითხს ვიხილავთ როგორც საარჩევნო სტრატეგიას უკეთესი შედეგის მიღწევისთვის. ჩვენთვის მაჟორიტარობა არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, დახარჯული უფრო მეტი დრო, უფრო მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსი.

ამ პროცესში აზრთა სხვადასხვაობა კარგია, ეს მიუთითებს პროცესების დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობაზე. ჩემი პრინციპია, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება საერთო, უკეთესი შედეგის მიღწევის ამოცანიდან გამომდინარე. თუ ვერ ხდება შეთანხმების მიღწევა, ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს სანდო კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული რეიტინგული კვლევა.

მთავარი არის არა ის, რა უნდა გიორგი ვაშაძეს ან რესპუბლიკურ პარტიას ან სხვა ნებისმიერ პარტიას, არამედ ის, რა უფრო უკეთესია მეტი შედეგის მიღწევისა და გამარჯვებისთვის.

ვფიქრობ, ზემოთ აღნიშნული ფორმულა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს და თუ ვინმე შეეცდება ამ პროცესის თავისკენ გადაქაჩვას ან თავისთვის მეტი სარგებლის მიღებას საერთო ინტერესების საზიანოდ, მაშინ უფლებას ვიტოვებთ ამის შესახებ ვაცნობოთ საზოგადოებას და ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.