გიორგი ვაშაძე - მშვიდობიანი აქციისთვის მოვედით აქ, არავინ აპირებს გადაწოლას და წინააღმდეგობის გაწევას
გიორგი ვაშაძე - მშვიდობიანი აქციისთვის მოვედით აქ, არავინ აპირებს გადაწოლას და წინააღმდეგობის გაწევას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქციების გამართვას პერმანენტულად აპირებს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ საუბრის სხვანაირი ფორმა არ ესმის.

„ეს არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი. ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ, რადგან სხვა გზა და საუბრის სხვა მეთოდი არ ესმის „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, საგარეო ფაქტორთან ერთად, ეს საშინაო ფაქტორისთვისაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. განგრძობადი იქნება, პერმანენტული იქნება, ამის გამოცდილება გვაქვს. სამწუხაროა, რომ ვერ გაიზარდა „ქართული ოცნება“, რომ არ გვიწევდეს ქუჩიდან საუბარი. აქ ვართ და ვაპირებთ, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. შეთანხმება უნდა იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები და მთელი ის საკითხები, რაც საზოგადოებას და ჩვენ გვაწუხებს. ჩვენ მშვიდობიანი აქციისთვის მოვედით აქ, არავინ აპირებს გადაწოლას და რაღაც წინააღმდეგობის გაწევას ამ შემთხვევაში. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტში მონაწილეობას“, – განაცხადა ვაშაძემ.