გიორგი ვაშაძე - მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს, როდის იქნება ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი მოქალაქე და არა კინკლაობა და ანგარიშსწორება
გიორგი ვაშაძე - მოსახლეობის უმრავლესობას აინტერესებს, როდის იქნება ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი მოქალაქე და არა კინკლაობა და ანგარიშსწორება

შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, საქართველოს გაუჩნდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა, – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ.

„დღეს უამრავ მშიერ ადამიანს საქართველოში აინტერესებს, როდის დაპურდება და როდის იქნება ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეკონომიკას განავითარებს; უამრავ უმუშევარ ადამიანს აინტერესებს როდის ექნება სამუშაო ადგილი, საქართველოდან გაქცეულ ემიგრანტებს აინტერესებთ როდის დაბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში. საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს, როდის ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მოსახლეობის უმრავლესობას, უმრავლესობისგანაც და ოპოზიციისგანაც, აინტერესებს, როდის დადგება დრო, რომ ქართული პოლიტიკის ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოს მოქალაქე, ადამიანი, რომელიც არის უმძიმეს ვითარებაში და არა პოლიტიკური კინკლაობა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და დაპირისპირება“ – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის „დახურდავება“ პარლამენტში შესვლა-არშესვლაში არის იაფფასიანი მცდელობა, საქართველოს სტრატეგიული განვითარების გზა ისევ პოლიტიკურ კინკლაობაში დააბრუნონ.

„დელეგაცია დელეგაციაზე ჩამოდის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, რადგანაც ისინი ხედავენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს გაუჩნდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა“, – განაცხადა მან ვაშაძემ.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ოპოზიციის ლიდერებს, „ვინც ყინულმჭრელის ფუნქცია შეასრულა ამ მძიმე ორპარტიულ დაპირისპირებაში, ვინც ხელი მოაწერა, ამით აიძულა „ქართული ოცნება“ და სხვა პოლიტიკური პარტიები, რომ შეერთებოდნენ ამას და ხელი მოეწერათ შარლ მიშელის დოკუმენტისთვის“.