გიორგი ვაშაძე - მხოლოდ ცუდს არ ვეძებ, ღარიბაშვილის პირველი პრემიერობიდან მეორემდე „ვეფხისტყაოსანი“ ვთარგმნეთ ინდურად, მადლობა ამისთვის, მის გამოსვლაში დანარჩენი ტყუილი და ცინიზმია
მხოლოდ ცუდს არ ვეძებ, ღარიბაშვილის პირველი პრემიერობიდან მეორემდე „ვეფხისტყაოსანი“ ვთარგმნეთ ინდურად, მადლობა ამისთვის, მის გამოსვლაში დანარჩენი ტყუილი და ცინიზმია, – ასე აფასებს ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს პარლამენტში.
ვაშაძემ განაცხადა, რომ თავის გამოსვლაში ბევრ კრიტიკულ საკითხზე ისაუბრებს.
„ერთი კითხვა გამიჩნდა, სად გადის ტყუილის, ცინიზმის ზღვარი, ზოგადად. ალბათ, მოქალაქეები მოისმენენ ანგარიშს და თქვენ მართლა ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ასე კარგად არის ყველაფერი? ვალები დაგვადეს, ვალით ყიდულობს ხალხი პურს, საჭმელს, წამალს. პენსიონერი, ახალგაზრდა, 200 ათასი ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან ირაკლი ღარიბაშვილის პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე შუალედში. 25 მილიარდი აიღეს ვალი, დაგვადეს სახელმწიფო ვალი. დაელოდეთ ჩემს გამოსვლას, ცუდი ინფორმაცია უნდა გითხრათ, რომ ჯამური ჩვენი ვალი გაცილებით დიდია და იმ ციფრსაც ნახავთ. მაგრამ მართლა გულწრფელად მაინტერესებს, სად გადის ტყუილის და ცინიზმის ზღვარი. ინფრასტრუქტურაზე გველაპარაკება, ერთი საათით დავაჩქარეთ ბათუმამდე გზაო. ალბათ, სამტრედია-გრიგოლეთი გამორჩა, ხომ? მათი კორუფციული სქემის გამო ბიუჯეტიდან ფული რომ გაქრა და არ არის დამთავრებული. გვეუბნებოდა ლოჯისტიკურ ჰაბზე და ალბათ, დაავიწყდა, რომ რკინიგზამ მილიარდ 200 მილიონი ზიანი მიაყენა საქართველოს. გვეუბნებოდა დასაქმებაზე და ალბათ, დაავიწყდა, რომ საქართველოში მისი პრემიერობიდან პრემიერობამდე 130 დოლარიდან 100 დოლარამდე შემცირდა თითო დასაქმებულზე შემოსავალი. მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი გზა არის, აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს ცინიზმი; უნდა გავუშვათ ეს ხალხი ხელისუფლებიდან, ოქტომბერში რეფერენდუმია, სადაც უნდა გავიმარჯვოთ.
ჩემს გამოსვლაში კიდევ ბევრ კრიტიკულ საკითხს ნახავთ. რომ არ თქვას არავინ, მე მხოლოდ ცუდს ვეძებ, ნამდვილად ვიპოვე ერთი პოზიტივი მის ანგარიშში და მინდა, ამას ხაზი გავუსვა. მადლობა ინდოეთის რესპუბლიკაში ჩვენს საელჩოს და მადლობა ბატონ ბუპინდერ აზიზ პარიჰარს, ეს არის ინდოელი პოეტი, რომელმაც თარგმნა ინდურ ენაზე „ვეფხისტყაოსანი“, ეს მართლაც საშვილიშვილო ისტორიული საქმეა. ეს ერთი საქმე შეგვიძლია, ჩავუთვალოთ გაკეთებულ საქმედ მთელი ამ ცხრა წლის განმავლობაში, პირველი პრემიერობიდან მეორე პრემიერობამდე „ვეფხისტყაოსანი“ ინდურად ვთარგმნეთ. მადლობა ამისთვის, დანარჩენი ტყუილი და ცინიზმი იყო, მეტი არაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.