გიორგი ვაშაძე - მივესალმები კელი დეგნანის განცხადებას, პერსონალური, პიროვნული დაპირისპირებები და კინკლაობები უნდა დასრულდეს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებები ნიშნავს, რომ ამერიკელი ხალხი და ამერიკის მთავრობა არის ჩვენი ქვეყნის გვერდით.
ვაშაძის თქმით, მიესალმება კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩმა არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.
„აშშ დაიცავს დემოკრატიულ უფლებას და მხარს დაგვიჭერს თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების რეალიზებაში. სწორედ ასეთი კამპანია, პოზიტიურ კამპანიაზე ორიენტირებული აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ქვეყანაში და ამით გამოვირჩევით ყველა პოლიტიკური ძალისგან. ეს არის სწორედ ის, რაც არის ამერიკული, დასავლური სტანდარტი და მივესალმები იმას, რომ ელჩიც ამაზე ამახვილებს ყურადღებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, რადგან მას უნდა, რომ საქართველოში განვითარდეს დემოკრატია, საქართველო იყოს ძლიერი სახელმწიფო და ერთხელ და სამუდამოდ ეს პერსონალური, პიროვნული დაპირისპირებები და კინკლაობები დასრულდეს. ეს აზიანებს ქვეყნის განვითარებას, სწორედ ამ დაპირისპირების სანაცვლოდ ჩვენ ვთავაზობთ აღმშენებლობის იდეას მთლიანად საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველას. მივესალმები ამ განცხადებას თავიდან ბოლომდე და დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს განვითარების მიმართულებას.
რვა წლის განმავლობაში ხელისუფლების საარჩევნო თუ არასაარჩევნო რიტორიკა მთლიანად იყო აგებული დაპირისპირებაზე, არა საქმეზე ორიენტირებული დისკუსია, არამედ დაპირისპირება, მტრის ხატის შექმნა ოპოზიციურ ძალებისგან, ოპოზიციური პირებისგან. ჩვენ ამ ყველაფერს ვუპასუხეთ გეგმებით, სტრატეგიებით, პოზიტიური განრიგით, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის პირველი ოქტომბრიდან დავიწყეთ. აი, ეს არის განსხვავებული ხელწერა. აი, ეს განცხადებები მიუთითებს, რომ ყველა ხვდება, მთავარი პრობლება ქვეყნის განვითარების არის დაპირისპირებები, პერსონალური კინკლაობები, წარსულის ქექვა, წარსულში ძიება და არც ერთი სიტყვა მომავალზე, რა არის ქვეყანაში გასაკეთებელი. აი, ეს არის რეალურად ხელწერა „ქართული ოცნების“ და ეს არ მოსწონთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ისურვებდა, „დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას, გზას უხსნის ქვეყანაში დაპირისპირებასა და დაბნეულობას“.