გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტატორი არ ვარ, ჩემს ინტერესში საერთოდ არ შედის და ვფიქრობ, ნაკლებად სტრატეგიულია
გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტატორი არ ვარ, ჩემს ინტერესში საერთოდ არ შედის და ვფიქრობ, ნაკლებად სტრატეგიულია

მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტატორი არ ვარ, ჩემს ინტერესში საერთოდ არ შედის და ვფიქრობ, რომ ნაკლებად სტრატეგიულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რ​ომელსაც ჟურნალისტებმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

საუბარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „დოიჩე ველეს“ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მას საქართველოში „გასაგიჟებელი მხარდაჭერა აქვს“.

„ყველა პოლიტიკოსს შეუძლია, თავისი განცხადება გააკეთოს. ნაკლებად მაინტერესებს და მე არ ვარ მიხეილ სააკაშვილის განცხადებების კომენტატორი, ჩემს ინტერესში საერთოდ არ შედის და ვფიქრობ, რომ ნაკლებად სტრატეგიულია. ამასთან, ჩემი მოდელი ყველამ ძალიან კარგად იცის და შემიძლია გავიმეორო, საქართველოში ხელისუფლება რომ შეიცვალოს, აუცილებელია მესამე, მძლავრი მიზიდულობის ცენტრის გაჩენა. „ქართულ ოცნებას“ თავისი რაღაცა ნეგატიური კამპანიით, არაფრისმკეთებელი ნეგატიური კამპანიით, შვიდი არჩევნები აქვს მოგებული ფაქტობრივად. ბოლო არჩევნებში გააყალბა კიდეც, ამის გამო არის რეფერენდუმი ოქტომბერში დანიშნული. შემდეგნაირად ვუყურებ მომავალს, ოქტომბრისთვის აუცილებლად უნდა შეიქმნას მძლავრი მიზიდულობის ცენტრი. შარლ მიშელის დოკუმენტზე შეთანხმებისკენ იძულება გავაკეთეთ ადამიანებმა, რომელსაც თითქოს დაბალი მხარდაჭერა გვქონდა შედარებით, მაგრამ გვეყო ძალა და გამბედაობა, პასუხისმგებლობა აგვეღო ჩვენს თავზე. ასე უნდა შევათანხმოთ ყველა მხარემ, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში და პერსონალურ კინკლაობას და დაპირისპირებას ავაცდინოთ ეს ქვეყანა. მესამე მძლავრი ცენტრი თუ არ შეიქმნება, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მესამე პოლიტიკური ცენტრი უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„რა თქმა უნდა, აბა რანაირად გამოვა ახლა მასთან?! ამიტომ, ბევრი არჩევნები მაქვს გავლილი, ბევრ არჩევნებში ვხელმძღვანელობდი კიდეც კამპანიას. ყველაზე წარმატებული არჩევნები ოპოზიციას რაც აქვს ჩატარებული ამ ქვეყანაში, არის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის კამპანიის ხელმძღვანელიც მე ვიყავი, სადაც პირველ ტურში ჩვენმა კანდიდატმა 38% აიღო. ვფიქრობ, თუ ვინმეს აქვს გამოცდილება და ცოდნა, მაქვს მე და აღარ ვაპირებ ერთსა და იმავე წაგებულ წყალში 257-ჯერ შესვლას. ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო სწორი ნაბიჯებით დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, რომელიც ახლა ჩვენ რომ ვსაუბრობთ, ტოტალურად ყველა შვებულებაშია, „მაისკიე პრაზდნიკებზეა“ წასული. ხალხს უჭირს, ისინი ისვენებენ, სოლარიუმებით საზღვაო გარუჯულები ჩამოვლენ, გაშავებული, გამწვანებული, კაი ნაკვებ-ნაჭამები ჩამოვლენ და ხალხი ამასობაში აღდგომის დროს პასკას ვერ ყიდულობს, ეს არის დღევანდელი რეალობა. ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა, შესაცვლელია და ამის ცვლილებისთვის ყველა სწორ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა ვაშაძემ.