კვლავ საგანგებო რეჟიმზე გადავდივართ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, ამის მიზეზი მათ წარმომადგენლებზე თავდასხმებია.
„სამწუხაროდ, დღეს რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, როცა ჩვენს ლიდერებს თუ მხარდამჭერებს დაესხნენ თავს – ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანს და მისი ოჯახის წევრებს დაესხნენ თავს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბაჩუკი ქარდავას, ასევე პოლიციის მხრიდან აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და საგანგაშო ქმედება იყო სამირა ისმაილოვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მაგრამ გადავდივართ კვლავ საგანგებო რეჟიმზე, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ვამოქმედებთ ცხელ ხაზს, სადაც თითოეულ ადამიანს, რომელსაც ექნება მსგავსი ინციდენტები, 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ. ჩვენი ტელეფონს ნომერია 032 2 11 02 45“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, გიორგი ვაშაძემ მიმართა „ქართულ ოცნებას“, საკუთარ მხარდამჭერებს მშვიდობისკენ მოუწოდონ.
„მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ცოტა დაოკდით, და დააოკეთ თქვენი ზონდერბრიგადები, რომლებიც დაძრწიან ახლა ქუჩებში. ერთი მაინც თქვით, რომ მოუწოდოთ მშვიდობისკენ თქვენს ამ კრიმინალებს, რომლებიც თქვენთან ერთად დარბოდნენ საარჩევნო უბნებზე. ერთხელ მაინც პასუხისმგებლობა იგრძენით, რომ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან პროცესთან და ძალიან დაძაბულია მდგომარეობა ქვეყანაში და ერთხელ მაინც გაიაზრეთ, რომ ჯერ კიდევ ხართ ხელისუფლებაში და ჯერ კიდევ გაქვთ ვალდებულებები ქართველი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მსგავსი პერსონალური ინციდენტები, დაპირისპირებები არ მოხდეს. სამწუხაროდ, თქვენ ისევ და ისევ ამართლებთ და „აპრავებთ“ მოქმედებებს, რომელსაც თქვენი ეს ზონდერები აკეთებენ საქართველოს მასშტაბით. ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გააკეთეთ განცხადება ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.