გიორგი ვაშაძე - კომუნიკაცია მქონდა აშშ-ის საელჩოსთან, წინასაარჩევნოდ რაც ხდება, ნორმალურ გარემოდ ვერ ჩაითვლება
გიორგი ვაშაძე - კომუნიკაცია მქონდა აშშ-ის საელჩოსთან, წინასაარჩევნოდ რაც ხდება, ნორმალურ გარემოდ ვერ ჩაითვლება

კომუნიკაცია მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან. ისინი დაინტერესდნენ სამტრედიაში ჩვენს კანდიდატთან დაკავშირებული ფაქტითაც და, რა თქმა უნდა, ის, რაც ხდება წინასაარჩევნოდ – დანით დაჭრები, გატაცებები, დაშინებები, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ნორმალურ გარემოდ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან გიორგი ვაშაძემ შეაფასა დმანისსა და რუსთავში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება და აღნიშნა, რომ ამერიკელი პარტნიორების პოზიცია ძალიან მკაფიოა.

„ამიტომ, ძალიან მკაფიოა პოზიცია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, რომ „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს მსგავს მოქმედებას, ძალიან მძიმე შეფასება ექნება ზოგადად ამ არჩევნებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ასობით დამკვირვებელი ჩამოდის ამ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართეველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩო გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დმანისსა და რუსთავში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ძალადობა მიუღებელია ნებისმიერ საარჩევნო კამპანიაში და მთავრობას აქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს და უზრუნველყოფს თავისუფალ არჩევნებს, რომლის მიმართაც ამომრჩეველს ექნება ნდობა.

დატოვე კომენტარი