გიორგი ვაშაძე - კომიტეტის სხდომებზე გუშინ ცინდრიკი იყო, თქვენ შეიძლება, კარგად ხართ, მაგრამ ხალხს შია
გიორგი ვაშაძე - კომიტეტის სხდომებზე გუშინ ცინდრიკი იყო, თქვენ შეიძლება, კარგად ხართ, მაგრამ ხალხს შია

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო არანაირ ყურადღებას არ აქცევს ადამიანებს, რომლებიც ჭიათურმანგანუმთან დაკავშირებით აქციას მართავენ და პირი აქვთ ამოკერილი. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვაშაძემ კოლეგებს წარუდგინა იმ ადამიანების ფოტოები, რომლებიც შიმშილობის აქციას მართავენ.

„ეს ხალხი შველას ითხოვს თავისი ხელისუფლებისგან, მაგრამ ჯერჯერობით არავინ ჩავიდა ამ ხალხთან და არავინ ესაუბრება. გუშინ კიდევ სამმა ქალბატონმა ამოიკერა პირი და მარტივ რაღაცას ითხოვს ეს ხალხი. თავზე ენგრევათ სახლები. სახელმწიფო მართავს კორპორაციას ჭიათურაში – ჭიათურმანგანუმს და არანაირი ყურადღება ამ ადამიანებთან მიმართებაში არ არის. მეგობრებო, ეს არის სწორედ ის ფაქტი, როდესაც თქვენ სრულიად მოშორებული ხართ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში. ხალხი მშიერია, სახლები თავზე ენგრევა და თქვენთან დაკავშირებული ადამიანები მდიდრდებიან მათ ხარჯზე. დიახ, ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის ყოველწლიურად ჭიათურიდან. მაგრამ ჭიათურა განადგურებულია, ეტყობა, თქვენ იქ არ ჩადიხართ და ამიტომ, სურათები წამოგიღეთ. ისეთი განადგურებულია, გეგონება მეორე მსოფლიო ომი იყო და დაბომბეს ეს ქალაქი. ერთი კაპიკი არ იხარჯება იმისთვის, რომ ელემენტარულად, მოხდეს ამ ტერიტორიების რეკრეაცია.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს მარტო ჭიათურაში კი არ ხდება, იგივე ხდება ბოლნისში, სადაც ასობით მილიონი დოლარის მადანი გადის, ოქრო გადის ქვეყნიდან და არანაირი ყურადღება არ არის იმ დაბინძურებულ მდინარეებზე, რომელიც არის აქ. იგივე ხდება სხვა რაიონებში.

გუშინ ვუყურებდი კომიტეტის სხდომებს, სადაც ჩვენი წარმომადგენლები იყვნენ და რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყავით, შეხუმრებულები. რაღაცა ასეთი ცინდრიკი იყო ამ კომიტეტის სხდომებზე. თქვენ შეიძლება, კარგად ხართ, რადგანაც უზრუნველყოფილი ხართ, მაგრამ ხალხს შია, მეგობრებო. ხალხს, იმის გამო, რომ თქვენ არანაირ ყურადღებას არ აქცევთ, ძარცვავენ ყოველდღე“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც პასუხი უნდა მოსთხოვოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში შესაბამის ხალხს, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ ადამიანებს.

„პარლამენტი არის ორგანო, რომელმაც ხალხის ინტერესი უნდა დაიცვას და არა ის, რომ წილებში ჩაუჯდეთ იმ უზარმაზარ კომპანიებს და თქვენ კიდევ მოითბოთ ამაზე, კონკრეტული სარგებელი მიიღოთ. ეს არის რეალობა დღეს ქვეყანაში, თქვენ ამას ვერ უარყოფთ, რადგანაც ხალხი მშიერია, ხალხი ღარიბდება, თქვენ და თქვენი თანაგუნდელები კი მდიდრდებით. როგორ შეიძლება, რომ ერთი კაპიკი არ იხარჯებოდეს ამ ადამიანებისთვის; როგორ შეიძლება, რომ არც ერთ თქვენგანს არ გაგიჩნდათ სურვილი, ერთი საათით მაინც ჩასულიყავით პირამოკერილ, მოშიმშილე ადამიანებთან და უბრალოდ, გეკითხათ, რაშია საქმე. იქნებ და მათი უფლებები ირღვევა, რეაბილიტაციის მმართველი არის თქვენ მიერ დანიშნული და არ დააბრალოთ ახლა კერძო კომპანიას, რომ ის აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ, რადგანაც ტკბობას ხართ მიცემული; თანამდებობრივ ტკბობას ხართ მიცემული; საპარლამენტო მანდატებით ტკბობას ხართ მიცემული და გგონიათ, როგორც დალხენილად თქვენ ცხოვრობთ, ასე ცხოვრობს მთელი საზოგადოება. ამიტომ დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიაქციოთ ყურადღება. მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მარტო ზედაპირული ლაპარაკი კი არა, ჩადით და დაელაპარაკეთ ამ ხალხს. ელემენტარული ჯანმრთელობის პრობლემაა უკვე, შეიძლება სავალალოდ დამთავრდეს ეს ფაქტი, ხომ შეიძლება რომ ვინმეს დააინტერესოს? კაპიკებსაც არ აძლევთ ამ ადამიანებს ისე ენგრევათ თავზე სახლი.

„და ბოლოს, დღეს დავაინიცირებთ კიდევ ერთ კანონს, რომლითაც დასრულდება „ლიბერთი ბანკის“ მონოპოლია და პენსიონერების ძარცვა ამ ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ უმრავლესობაში არ გამოდგება ის ხალხი, ვინც იტყვის, რომ არა, „ლიბერთი ბანკს“ უნდა ჰქონდეს მონოპოლია საპენსიო უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ვნახოთ, ეს თქვენზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს უთხრა, რომ უკვე შექმნილია ჯგუფი. „ლევან იოსელიანი და ირაკლი ზარქუა მუშაობენ ამ საკითხზე და კომუნიკაცია თუ გექნებათ, ძალიან კარგი იქნება, მიზანი ერთი არის“, – აღნიშნა კუჭავამ.