გიორგი ვაშაძე - კობახიძე პოლიტიკური ინტერესებისთვის კანონების ჭრა-კერვაში მართლაც მაგისტრია
გიორგი ვაშაძე - კობახიძე პოლიტიკური ინტერესებისთვის კანონების ჭრა-კერვაში მართლაც მაგისტრია

ირაკლი კობახიძის განცხადება კელი დეგნანის მიმართ არის შეურაცხმყოფელი. მინდა, კობახიძეს ვუთხრა, ის, რაც მისი პარლამენტში საქმიანობის დროს ქართულ სამართლებრივ სისტემაში ხდება, მთლიანად აცდენილია ყველა სამართლებრივ სტანდარტს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის „კანონების ჭრა-კერვა“ პოლიტიკური პოლიტიკური ინტერესებისთვის.

„ეს არის კანონების ჭრა-კერვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. აი, ამაში მართლაც მაგისტრია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირაკლი კობახიძე პოლიტიკური მიზნებისთვის ქართული სამართლის ჭრა-კერვაში დოქტორია. ეს არის კობახიძის ხელწერა ქართულ სამართლებრივ სისტემაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა გუშინ განაცხადა, რომ „როგორც ჩანს, ზოგიერთს არ ესმის, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს. ერთი ადამიანი, ერთპარტიული მმართველობა ამის საწინააღმდეგოდ მუშაობს. უფრო მეტიც, ეს ქმნის უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს“.

ამასთან, თავის მხრივ, კელი დეგნანის განცხადების საპასუხოდ კომენტარი გააკეთა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. კობახიძემ აღნიშნა: „მე ვარ ამ საქმის უშუალო სპეციალისტი, რასაც ჰქვია კონსტიტუციური სამართალი, შემიძლია, გითხრათ, რომ ორპროცენტიანი და უფრო დაბალი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანაში და სხვა არც ერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია“.