გიორგი ვაშაძე - კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს, ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, ყველაფერს ხომ არ მოვყვები
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერების მონაწილეობით სადილი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა.
ვაშაძის თქმით, პრეზიდენტთან სადილზე შეთანხმების რამდენიმე პუნქტის, მათ შორის, გიორგი რურუას გამოშვების ვადის დასაზუსტებლად მივიდა.
„შეხვედრაზე ვთქვი, ახლა შეთანხმების ზარ-ზეიმი რომ გინდათ, მოვაწყოთ, ჩვენ არ ვიცით, ქალბატონო სალომე, თქვენ როდის შეიწყალებთ რეალურად რურუას; კი ვიცით, რომ უნდა შეიწყალოთ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს სამ თვეში, შეიძლება იყოს სამ დღეში.
ამნისტიაზე კითხვები რა თქმა უნდა გაგვიჩნდა, მაგაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ გალსტუკი მოვახიე თალაკვაძეს, ჰკითხეთ სხვა ოპოზიციონერებს, რაღაც საკითხებზე, მაგრამ ყველაფერს ხომ არ მოვყვები. ძალიან მძიმე შეხვედრა იყო“, – განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებების ბოლო დღეები იყო ძალიან მძიმე.
„კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედით თალაკვაძესთან, სხვებიც დაადასტურებენ, თუ არ გჯერათ“, – განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ საუბარი იყო საკითხზე, ამნისტიის პროექტი ვისზე უნდა გავრცელებულიყო და მთავარი იყო ვადები.