გიორგი ვაშაძე - ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, საკმარისი არ იქნება, თუ ძალადობის და გაყალბების მექანიზმები არ დამთავრდება 
გიორგი ვაშაძე - ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, საკმარისი არ იქნება, თუ ძალადობის და გაყალბების მექანიზმები არ დამთავრდება 

ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ და კანონის შესაბამის არჩევნებს, სადაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვის ვანდობთ ჩვენს ბედს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა, რომლის მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ, განწირულია კრახისთვის.

„რას მივაღწიეთ ორი კვირის განმავლობაში? პირველი მთავარი მიღწევა არის ის, რომ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტი გრძელდება და ამის მთავარი ძალაა ხალხი. მეორე – პოზიცია არის ერთიანი, მყარი და არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე რაიმე საკითხზე კომპრომისზე წასვლას. მესამე – ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების შუამავლობით ხელისუფლებას კვლავ დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა მოუწია.

საპარლამენტო არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნის ფუნდამენტი, საარჩევნო უფლებების თვალსაზრისით, არ არსებობს. თუ საარჩევნო უფლება არ არსებობს ქვეყანაში და მოქალაქეებს საშუალება არ აქვთ, საკუთარი ბედი თავად გადაწყვიტონ, ის ქვეყანა განწირულია კრახისთვის. ჩვენი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ გვინდა ძლიერი, ერთიანი და წარმატებული საქართველო.

ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, საკმარისი არ არის, თუ არ გასწორდება საარჩევნო სისტემა და არ დამთავრდება ძალადობის და გაყალბების მექანიზმების არსებობა არჩევნების დროს. ვითხოვთ სამართლიან, თავისუფალ და კანონის შესაბამის არჩევნებს, სადაც გადაწყვეტილებას მივიღებთ, ვის ვანდობთ ჩვენს ბედს და არა ის, რომ საარჩევნო უბანთან დაგვხვდება მოძალადე და გვეტყვის, თუ ასე არ გააკეთებ, ასე გიზამ. არ დაგვხვდება ფულით ადამიანი, რომელიც გვეტყვის, რომ პურს ვერ ყიდულობ, აი, შენ ორი კაპიკი და შენი ხმა მომყიდეო. კიდევ უფრო უარესი – არ დაგვხვდებიან კომისიის წევრები, რომლებიც სხვაგვარად ითვლიან ჩვენს ხმებს. ეს არის გასასწორებელი. თუ ამას არ გავაკეთებთ, ქვეყანა არ განვითარდება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, გონს მოეგოს.

ქართულ ოცნებას“ მივმართავ, გონს მოეგოს და მესამე რაუნდი რომ იქნება, თქვენგან ადეკვატურ პასუხს ველოდებით. მოგვეცით პასუხი იმაზე, რასაც ჩვენ ვითხოვთ, პასუხი გაეცით ხალხს, რათა ქვეყანაში არსებული უბედური დაპირისპირება დავამთავროთ. ეს ყველას მოგვბეზრდა. ქუჩაში ერთმა ადამიანმა გამაჩერა და მითხრა, გიორგი აღარ შემიძლიაო. ალბათ, ყველა ასე ვართ. ამ უსამართლობას რომ ვუყურებთ, ყველას გვგონია, რომ აღარ შეგვიძლია, მაგრამ ყველას გთხოვთ, ცოტა გავუძლოთ – ახლა გადამწყვეტი ბრძოლაა“, – განაცხადა ვაშაძემ.