გიორგი ვაშაძე - ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება და იყოს საჯარო დისკუსია
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დემოკრატიული საზოგადოება გამოირჩევა იმით, რომ ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხთან.
„ხალხს აქვს უფლება, ჰქონდეს სრული ინფორმაცია, რა ნაბიჯები გადაიდგმება, იყოს საჯარო დისკუსია ამასთან დაკავშირებით. ერთადერთი და ლამის გამონაკლისი ვიყავი, ვინც წინააღმდეგი იყო საგანგებო რეჟიმის ყოველგვარი გეგმისა და სტარატეგიის გარეშე გამოცხადების“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, პრემიერის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით.
„ვეთანხმები ამ ინიციატივას აუცილებლად. რატომ ემალება პრემიერ-მინისტრი კითხვებს, მარტო საკუთარ ტელევიზიაში დადიან და გადაცემებში იღებენ მონაწილეობას. რატომ არიდებს თავს, მოსახლეობას რეალური სურათი აჩვენოს, მოისმინოს ალტერნატიული ინიციატივები. აქ ხომ არ არის პოლიტიკურ დებატებზე საუბარი. საუბარია საუკეთესო გამოსავალზე კრიზისიდან და ნებისმიერი ადეკვატური პროფესიონალი ადამიანი, მენეჯერი, რომელიც სათავეში უდგას ქვეყნის მართვას კრიზისულ სიტუაციაში, ნამდვილად არ გაექცეოდა ასეთ მდგომარეობას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.