ჯერ წერა-კითხვა უნდა ვისწავლოთ ქვეყანაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ვიტალი შკლიაროვის სტატიაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„შკლიაროვის განცხადება კარგად წაიკითხეთ, რაზე არის საუბარი და მერე მოახდინეთ საერთოდ ამაზე კითხვის დასმა. ჯერ წერა-კითხვა უნდა ვისწავლოთ ქვეყანაში. წაიკითხეთ ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წერა-კითხვა არ იცის და ოროსნები არიან, მატყუარები და ცრუპენტელები, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტს, კარგად წაიკითხეთ, რა დაწერა შკლიაროვმა და მერე გავაკეთოთ ეს ყველაფერი.
კიდევ ერთი რამ – რუსეთი და ბელორუსია რომ ვერ გაურჩევიათ ამ ადამიანებს და აშშ, ეს მეორე საკითხია. როდესაც ამბობენ რუსეთის მოქალაქეო, ჯერ ერთი, არის ბელორუსიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და შკლიაროვის მეუღლე მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე, მაინც, რომ იცოდეთ. აქაც რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ცრუპენტელები არიან, კარგად ჩანს. ეს ტყუილები, ეს სიცრუეები, რასაც ისინი აგებენ, აუცილებლად დასრულდება მათი კრახით. არანაირი საფუძველი აღარ აქვს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ის კარვების და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის. შეგახსენებთ, კარვებთან დაკავშირებით რა ხდებოდა რუსთაველზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გიორგი ვაშაძის თმით, ყველას კარგად ახსოვს შსს-ს განცხადებები დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით, დაწყებული ჭიკაიძის განცხადებიდან საბურავების რევოლუცის შესახებ.
„რა მივიღეთ? გამოვლინდა რომ ეს იყო ტყუილი. ასევე იტყუებიან, ესენი არიან ჩვეულებრივი ცრუპენტელები, რომლებიც იტყუებიან და ამის უკვე აღარავის სჯერა. პირველ ტურში მიიღეს საზოგადოებისაგან პასუხი? ასევე მიიღებენ მეორე ტურში. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძის პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი საქართველოში „ნამდვილ დემოკრატიულ რევოლუციას“ არ გამორიცხავს. ამის შესახებ საუბარია მის სტატიაში, რომელიც რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.